“სპეცოპერაცია სუსმა სრულიად დაუგეგმავად წარმართა” – EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს აფასებს. მათ მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცათ, რაც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ” საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

EMC-ის ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში

სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

მათივე შეფასებით, ჩვენებები განსხვავებულია. კერძოდ, ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების თქმით, გასროლა რამდენიმე წამში დაიწყო.

EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ:

1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.

2. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.

3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.

4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.

5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საიდუმლოების შემცველი მასალებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქმეში სხვა პრობლემურ გარემოებებზეც მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.