„სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსული ბიზნესი უფრო მეტად ხეირობს ქართული ბაზრით, ვიდრე საქართველო“

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე „კომერსანტთან“ ივნისის ქართულ-რუსული ურთიერთობებს  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური თვალსაზრისით აფასებს. მისი განცხადებით,სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. პოლიტიკურმა შეცდომებმა გააღვივა პოლიტიკური კონფრონტაცია. შედეგად, მივიღეთ ტურისტული ემბარგო, რომელიც ასახვას პოვებს მოსახლეობის შემოსავლებზე, საქმიან და სამომხმარებლო აქტივობაზე. წყალში ჩაიყრება კერძო და სახელმწიფო სექტორის მარკეტინგული კამპანიები, ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობები (ტურიზმის მიმართულებით, საექსპორტო და საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით). შემოსავლები შეუმცირდება განთავსების ობიექტებს, კვების ობიექტებს, ტრანსპორტს (სახმელეთო, სარკინიგზო, საავიაციო), ტურისტული კომპანიებს და ჯამში საქართველოს ეკონომიკას.  

პოლიტიკური თვალსაზრისით. პოლიტიკურ გარემოს პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საკუთარი საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაურესების გამო. საერთაშორისო ასპარეზზე შეილახა ქვეყნის იმიჯი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება ქვეყანაში, საფრთხის ქვეშ დადგა ქვეყნის კურსი, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საერთაშორისო პარტნიორობა (ანსამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა).  ამასთან, პროცესების ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები აისახება, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

როგორც აბულაძე განმარატვს, რუსეთი ფლობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტებს, რომელსაც იყენებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსული ბიზნესი უფრო მეტად ხეირობს ქართული ბაზრით, ვიდრე საქართველო. თუმცა მცირე ეკონომიკის პირობებში შემოსავლის წყაროების დაკარგვა უფრო მტკივნეულად აისახება ქართველ მოქალაქეებზე და ბიზნესზე. შესაბამისად, თუ არსებულ ემბარგოს პირობებში დამატებით ზომებსაც გავითვალისწინებთ (მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დამატებითი ზომების მიღების შესახებ) ეკონომიკური ზიანის მასშტაბები ქვეყნისთვის  არასახარბიელო იქნება, მაგრამ კატასტროფული არა.

დღეს, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური მოცემულობა აჩვენებს შემდეგს:

  • საქართველოში 1.4 მლნ-მა რუსეთის მოქალაქემ იმოგზაურა (2018 წ). მათი რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 1.13 მლნ მოგზაური. აღსანიშნია, რომ თითოეული ვიზიტორი საშუალოდ დღეში 88 დოლარს ხარჯავს. შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიები, რომლიც მიმართული იყო რუსული სეგმენტის მიზიდვისკენ, უნდა გადამისამართდეს სხვა ქვეყნებზე, ხოლო რუსი ტურისტებიდან მისაღები შემოსავლების კომპენსირება უნდა მოხდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე;
  • რუსეთი განიხილება, როგორც უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა.  საქართველოდან რუსეთში ექსპორტის სახით 5 თვეში გავიდა 218.5 მლნ დოლარის პროდუქცია (2019 წლის იანვარ-მაისში). 2018 წელს გავიდა 437.3 მლნ დოლარის პროდუქცია, ხოლო 2017 წელს – 396.6 მლნ $ პროდუქცია. რუსული საექსპორტო ბაზარი სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლდეს სხვა ბაზრებით, იმისათვის, რომ ძალიან არ დაზარალდეს ქართული ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკა;
  • რუსეთი განიხილება, როგორც უმსხვილესი იმპორტიორი. რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახით 5 თვეში შემოვიდა 349,5 მლნ დოლარის პროდუქცია (2019 წლის იანვარ-მაისში), 2018 წელს შემოვიდა 935.6  $ მლნ-ის პროდუქცია, 2018 წელს – 786.8 $ მლნ-ის პროდუქცია. საიმპორტო ბაზრის დივერსიფიცირებისას, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის ფასები (ასევე ხარისხი) საზოგადოებისათვის მისაღები უნდა იყოს;
  • რუსეთის ფედერაციიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 14.3 მლნ დოლარს (2019 წლის I კვარტალში), 2018 წელს შეადგინა – 60 მლნ$, 2017 წელს- 43.7 მლნ$; ინვესტიციების მოცულობა დიდი არაა, თუმცა ეკონომიკური აქტივიზაციაში გარკვეულ როლს ასრულებს;
  • მხედველობაშია მისაღები რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში. მათ შორის: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციის, მრეწველობის, საფინანსო სექტორის,  სამშენებლო ბიზნესის, ნავთობროდუქტებისა და კვების პროდუქტების ბაზარზე;
  • ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს 450 ათასი  ქართველი მიგრანტი (2017 წ). არაოფიციალური მონაცემებით 1 მლნ-ზე მეტია. მათ გზავნილებზე ბევრი ქართული ოჯახის ბედია დამოკიდებული;
  • სოლიდურია რუსეთიდან შემოსული თანხები. ფულადი თანხების გადმორიცხვის მოცემულობამ 4 თვეში შეადგინა 128.9 მლნ $ (2019 წლის იანვარ-აპრილში), 2018 წელს შეადგინა 457,1 მლნ $, ხოლო 2017 წელს – 455.4 მლნ$; სანამ სიღარიბე არ დამარცხდება და დასაქმებისათვის მიმზიდველი ქვეყანა არ გავხდებით, მანამ სხვა ქვეყნებიდან ფულადი თანხების გადმორიცხვაზე ვიქნებით „დამოკიდებული“;
  • ჯამში, მხოლოდ არსებული ციფრების დაჯამებით ეკონომიკურ დანაკარგების სრულ სურათს ვერ მივიღებთ. საქმიანი და სამომხმარებლო აქტივობის შენელება, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კონტრაქტების შეჩერება, რუსული პოლიტიკისა და აგრესიის ზრდა გაცილებით დიდი ეკონომიკური მასშტაბისაა ვიდრე გაჟღერებული ციფრებია.

აბულაძის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ქართულმა პოლიტიკურმა გარემომ ვერ გაითვალისწინა წარსული გამოცდილება, ვერ უზრუნველყო ბაზრის დივერსიფიცირება და ქვეყნის იმგვარი მზაობა, რომ რუსული ბერკეტების კვლავ ამოქმედებით ქვეყანას ზიანი ისევ არ მისდგომოდა. შედეგად ქართული ბაზარი და ბიზნესი აღმოჩნდა ეკონომიკური დარტყმის ქვეშ, რომლის მასშტაბები სოლიდური იქნება (თუ მყისიერი ნაბიჯები არ გადაიდგა).

მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის დეპუტატების  ვიზიტის მიზანი უფრო პოლიტიკური ფასეულობების განმტკიცებას ისახავდა მიზნად, ვიდრე ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებას (ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიზანი). სამწუხაროდ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თავიდან ვერ აირიდაპოლიტიკური გამოწვევები და  თანმდევი საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა.

„დაბოლოს აღვნიშნავ, რომ პოლიტიკურმა მოცემულობამ დააზიანა, როგორც საკუთარი თავი, ისე საზოგადოებაც. შესაბამისად, ეკონომიკური ზიანის მასშტაბები რომ შემცირდეს, მთავრობა უნდა დაჯდეს თვითმფრინავში იმისათვის, რომ: მოიძიოს ახალი ბაზრები, გააქტიუროს ახალი საექსპორტო პოტენციალი, სხვა ქვეყნების პროდუქციით შეავსოს იმპორტის საჭიროება, შექმნას შემოსავლების ახალი წყაროები და მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება. შემდგომ, კი  ახალი საკადრო პოლიტიკითა და ახალი პოლიტიკური მოცემულობის ფორმირებით ხელი უნდა შეუწყოს ქართული პოლიტიკისა და ქვეყნის სრულ განახლებას“-აცხადებს რატი აბულაძე. 

სოფო ქსოვრელი 

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.