სტრასბურგმა 2017 წელს საქართველოდან წარმოებაში 10 ახალი საქმე მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 273-გვერდიან დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ლაპარაკია, როგორც მიღწეულ წარმატებებზე, ასევე ვალდებულებებზეც.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარმოებაში 10 ახალი საქმე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ევროპული სასამართლოს 36 გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, შარშან სტრასბურგში საქართველოდან სამით მეტი საქმე შევიდა.

მოცემულია იმ საქმეების რაოდენობაც, რომლებიც ჯერ არ განუხილავთ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს საქართველოს კომპენსაციის სახით, 120 151 ევროს გადახდა დაეკისრა, რაც გასულ წელთან შედარებით 100 ათასი ევროთი ნაკლებია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანამ კომპენსაცია დათქმულ ვადაში 8 საქმეზე გასცა. დოკუმენტის მიხედვით, იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება, უფრო დამოუკიდებელი და ეფექტიანი გახდა.

ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მანდატურების უფლება, დააპატიმრონ ადამიანი, შეზღუდულია. საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეების თანასწორი უფლებები დაცულია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უკანონო პატიმრობა გაასაჩივრონ და კომპენსაცია მიიღონ.

მათ ეს უფლება გარანტირებული აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის განაჩენია გამოტანილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წელს წარმოებაში მიღებულ საქმეთა რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, მეორეზე კი თურქეთი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.