„ტარიფის ზრდა გარდაუვალია“ – როდის მოიმატებს ბუნებრივი აირის ფასი?

საქართველოში კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი მოიმატებს. უფრო მეტიც, სპეციალისტების ნაწილის აზრით, ქვეყანაში ტარიფების ზრდა გარდაუვალია. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ქვეყნის უმსხვილესმა გაზის კომპანიებმა – „ყაზტრანსგაზმა“, „სოკარ გაზმა“ და „საქორგაზმა“ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის თხოვნით უკვე მიმართეს. „სემეკშიც“ არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება ბუნებრივი აირის საფასური შეიცვალოს. ქართველი ენერგეტიკოსების  ვარაუდით, „სემეკი“ საბოლოო გადაწყვეტილებას 2018 წლის ბოლოს მიიღებს და გაზის ტარიფი მომავალი წლიდან გაიზრდება.  გაძვირების მიზეზებს შორის უმთავრესი ლარის დევალვაციაა, თუმცა, ენერგეტიკის სექტორზე საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებიც მოქმედებს.

ბიზნესპოსტი“ ამ დარგის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მათი მოსაზრებებით დაინტერესდა:

რევაზ არველაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:

-შეგახსენებთ, რომ ჩვენ ბუნებრივ აირს უცხოეთიდან ვყიდულობთ და 100 პროცენტით იმპორტზე ვართ დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი ყოველდღიურად ეცემა, შეიქმნა ობიექტური საფუძველი, რომლის გამოც კომპანიებმა „სემეკში“ ასეთი განაცხადი შეიტანეს. თუ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას, ენერგოკომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ისინი ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ და მერე ლარში ყიდიან. რა თქმა უნდა, გაზის ტარიფი მარტო ლარის კურსზე არ იქნება დამოკიდებული, ასევე ინვესტიციებზე, დანაკარგებსა და სხვა კომპონენტებზე. „სემეკიც“ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ შემთხვევაში ეროვნული ვალუტის კურსი უმთავრესია. ტარიფებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი სიტუაციაც, მათ შორის, აშშ–ს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება, რომელიც ჩვენც აუცილებლად შეგვეხება.  როგორც წესი, ნავთობის გაძვირებას გაზის გაძვირებაც მოჰყვება ხოლმე, ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფი მოიმატებს. შარშან ლარის კურსი ასე მკვეთრად არ დაცემულა და სერიოზული გაძვირებისგან ამან გვიხსნა. წელს ლარი უფრო მეტად არის გაუფასურებული, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ გაზის ტარიფი რამდენიმე თეთრის ფარგლებში გაძვირდება, ახლანდელ ტარიფთან შედარებით დიდი სხვაობა არ იქნება და საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად დააზარალებს.

სალომე ვარდიაშვილი – ენერგოომბუდსმენი:

-მე მარეგულირებელი კომისიისაგან ყველანაირი დოკუმენტაცია გამოვითხოვე და კომერციული საიდუმლოებების გარდა, ყველაფერი მომაწოდეს. ამჟამად ასეთი სიტუაცია გვაქვს: მსხვილმა კომპანიებმა ტარიფის კორექტირება მოითხოვეს და „სემეკ“-ში ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯერ ყველა კომპონენტი უნდა შეისწავლონ, მერე კი, ინფორმაციის მოძიება და გადათვლაა საჭირო. ჯერჯერობით, მარეგულირებელი კომისია გადათვლის ეტაპზეც კი არ  გადასულა. შესაბამისად, არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია არა მაქვს ტარიფის კორექტირებაზე, თუმცა, რადგან ომბუდსმენი ვარ და  მომხმარებლთა უფლებებს ვიცავ, ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული და ვეცდები მოვლენებს არც მომავალში ჩამოვრჩე.

მირონ ფირცხელანი – ენერგეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი:

-ყველაფერი ამჟამინდელი სისტემის ბრალია: როგორც კი ლარის კურსი მოიმატებს, კომპანიებს უფლება აქვთ მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი შეიტანონ და ტარიფების გადახედვა მოითხოვონ. ბუნებრივია, მათ ამაში ხელს არავინ შეუშლის. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც მუდმივად მომხმარებლის წინააღმდეგ არის მიმართული. ბუნებრივი აირის ძირითადი მომხმარებელი ქართული ბიზნესი და მოსახლეობაა. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ერთ შეკითხვას დავსვამ: ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ტარიფებს რომ ზრდიან, ღარიბ-ღატაკ მოსახლეობასაც რომ გაუზარდონ პენსიები და დახმარებები, რა მოხდება? – ეს არის კანონიერი მიდგომა, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ცალმხრივად წყდება. რაც ამ სფეროში ხდება, ერთი მხრივ განუკითხაობაა, მეორე მხრივ კი – დაცინვა – რადგან ღარიბების ქვეყანაში ვცხოვრობთ, აქ ყველაფერი დასაშვებია? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს: რატომღაც, ტარიფები ყოველთვის ზამთარში იზრდება – მაშინ, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს. ამ დროს ნებისმიერი ოჯახი უფრო მეტ გაზს ხარჯავს და თითქოს, სპეციალურად ზრდიან ტარიფებს მაშინ, როცა ბუნებრივი აირის მოხმარება მატულობს.

-რამდენად სამართლიანია ტარიფების ცვლა ლამის ყოველ წელიწადს?

-რა თქმა უნდა, გადასახადების ხშირი მატება არ შეიძლება. ეს არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპები მოქმედებს. აქ კი, ვიღაც ჩინოვნიკი საღამოს შეიძლება დისკოთეკაზე იყოს, დილით კარგ ხასიათზე ვერ გაიღვიძოს და ტარიფი ყველასათვის მოულოდნელად გაზარდოს, ისე, რომ წარმოდგენაც არავის ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი ინდივიდებზეა დამოკიდებული და არა – თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე. საქართველოში კონკურენციაც დაბალია, რადგან ყველაფერს ორი თუ სამი კომპანია წყვეტს. ბოლოს კი გეტყვით: ჩვენს ენერგეტიკაში კონკურენცია არ იქნება მანამ, ვიდრე ამჟამინდელი სისტემა შენარჩუნდება.

businesspost.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.