ტრამპმა პენტაგონის ახალი, კოსმოსური ბრძოლის შტაბი შექმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პენტაგონის ახალი, კოსმოსურ ბრძოლაზე ორიენტირებული შტაბის მუშაობაში გაშვება დააანონსა, რომელიც პენტაგონის დაქვემდებარებაში შევა.

შტაბი და მისი მეთაური გენერალი ჯონ რეიმონდი კოსმოსში ამერიკის ინტერესებს დაიცავენ, მათ შორის ასობით სატელიტს, რომლებიც კომუნიკაციისა და დაზვერვისათვის გამოიყენება.

“კოსმოსური შტაბი უზრუნველყოფს, რომ კოსმოსში ამერიკის დომინაციას საფრთხე არასოდეს შეექმნას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის გამარჯვებისათვის მომზადება. ეს აღსანიშნავი დღეა, როდესაც ვცნობთ კოსმოსის ცენტრალურ როლს ამერიკის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.” თქვა ტრამპმა.

აშშ-ის საჰაერო ძალებს უკვე ჰქონდა კოსმოსური ბრძოლის დანაყოფი, თუმცა ახალი შტაბი სპეციალური სისტემების და ოპერაციების განვითარებაზე იმუშავებს. მსგავსი შტაბი აშშ-ში 1985-2002 წლებში არსებობდა და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიხურა, როდესაც პენტაგონმა ფოკუსი თავდაცვაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა.

“დარწმუნებული ვარ, რომ კოსმოსი ომის წარმოების ადგილია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი და ომის წარმოების წესი დამოკიდებულია კოსმოსში ჩვენს შესაძლებლობებზე.” თქვა გენერალმა რეიმონდმა.

ჩინეთმა უკვე მოახდინა რაკეტების დემონსტრირება, რომლებსაც სატელიტების მიზანში ამოღება შეუძლიათ, რუსეთში კი განაცხადეს, რომ კოსმოსში ლაზერული იარაღის ბაზის შექმნა სურთ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პენტაგონში გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების პირობებში აუცილებელი უზრუნველყონ კოსმოსში ამერიკის დომინირება. მისი თქმით კოსმოსი მშვიდობიანი იყო და არ იყო სადავო, თუმცა ახლა ის გადატვირთული და დაპირისპირებების შემცველია.

მანამდე კი ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა დაავალა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.