უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ – გაეროს სასამართლომ მოსკოვის ყველა შუამდგომლობა ჩააგდო

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის და უკრაინის სასამართლო დავასთან დაკავშირებით რუსეთის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საბოლოოდ დაადგინა, რომ დავის განხილვის უფლება მის იურისდიქციაშია. ეს გადაწყვეტილება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე აბდულკავი აჰმედ იუსუფმა 8 ნოემბერს გამოაცხადა.

ოფიციალური მოსკოვი ითხოვდა, რომ სასამართლოს უკრაინის სარჩელი დაუშვებლად ეცნო. გარდა ამისა, რუსეთი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, რათა განეხილა სარჩელში წამოყენებული ვბრალდებები, რომელიც უკავშირდება ორ საერთაშორისო კონვენციას – ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას და რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციას.

სასამართლომ ამ მოთხოვნებიდან არცერთი არ გაითვალისწინა და სარჩელი დასაშვებად სცნო. ახლა სასამართლომ რუსეთს უკრაინის სარჩელზე შესაგებებელი სარჩელის წარდგენის ვადა უნდა დაუდგინოს, რის შემდეგაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების ელჩი დმიტრი ლობაჩი აცხადებს, რომ უკრაინას აღნიშნული სარჩელით სპეკულირებს და სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს:

„სავსებით გასაგებია, რატომ არის უკრაინა კონკრეტულად ამ ორ კონვეცნიაზე ორიენტირებული. უკრაინა ამ კონვენციების გამოყენებას საკითხთა უფრო ფართო წრის განსახილველად აპირებს. ეს კონვენციები არანაირ კავშირში არაა ქვეყნებს შორის არსებულ დავასთან”, – განაცხადა დმიტრი ლობაჩმა.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ აღნიშნული სარჩელი 2017 წლის იანვარში შეიტანა. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს აწვდიდა და აწვდის შეიარაღებას, ასევე ეხმარება ფინანსური და ადამიანური რესურსებით, რაც წარმოადგენს 1999 წელს ტერორიზმის დაფინანსების წინააღდეგ ბრძოლის კონვენციის დარღვევას; უკრაინული მხარის მეორე ბრალდება კი 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ადგილობრივი უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების მგდომარეობას უკავშირდება – ოფიციალური კიევის აზრით, ამ მხრივ რუსეთი რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის კონვენციას არღვევს.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.