უკრაინელი მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილის საქმე უნდა განიხილოს, შვებულებაშია

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ დაგეგმილი სასამართლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს. ამის მიზეზად ლვოვის ადმინისტრაციულ ოლქში მოსამართლის არყოფნა სახელდება. ინფორმაციას გამოცემა Страна ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აღძრული საქმე მოსტისკის სასამართლომ უნდა განიხილოს, ვინაიდან “შეგინის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საიდანაც სააკაშვილი უკრაინაში შევიდა, მოსტისკის რაიონს ეკუთვნის.

თუმცა უკრაინაში მიმდინარე სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდა. დღეს იქ მხოლოდ 2 მოსამართლე მუშაობს – იური კიჩაკი, რომელსაც უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა უკვე გაუვიდა და იური ბილოუსი, რომელიც ორშაბათამდე შვებულებაშია. ამის მიუხედავად, სასამართლოს განსახილველ საქმეთა ჩამონათვალში სააკაშვილის საქმეზე არაფერი წერია – რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა მხოლოდ რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი აცხადებს, რომ ოფიციალური სტრუქტურები ამის აღსაკვეთად არაფერს გააკეთებენ, “სჯობს პოპულისტებს ხალხმა თავად მიხედოს”, – განაცხადა გროისმანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პუკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.  დავით საყვარელიძეს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ოქმი 14 სექტემბერს ჩააბარეს.

ლვოვში მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: