“უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და შევაჩეროთ ბორდერიზაცია საქართველოში!” – ინტერვიუ ალექსანდრ ვერშბოუსთან (ექსკლუზივი)

საერთაშორისო ფორუმებზე სულ უფრო აქტიურად განიხილება მოსაზრება, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის ერთგვარი „ვეტოს“ დადება წარმოადგენს, ანუ, ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს შექმნას ხელოვნური ბარიერი საქართველოსა და მის დასავლელ მეზობლებს შორის. 

საქართველოს მომავალზე ნატოში და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „აიპრესს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

რიგის კონფერენცია 2019-ზე” ალექსანდრ ვერშბოუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა “აიპრესის” სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

ბატონო ვერშბოუ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ ბუნდოვან და რთულად პროგნოზირებად მდგომარეობაშია შესული და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ  რუსეთის მმართველი ელიტა ისეთი პოლიტიკური ლიდერებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის თუნდაც სამხედრო ინტერვენციის გზით დაბლოკვისთვის.

ხსენებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ბევრი ექსპერტი, თქვენს მსგავსად, აღნიშნული მსჯელობისას პარალელს ავლებს გერმანიის უახლოეს წარსულთან, და იშველიებს 1954 წელს გერმანიის ნატოში ინტენგრაციის მაგალითს, როდესაც ჩღდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მე-5 მუხლი იმდროინდელი გერმანიის მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ერთეულზე გავრცელდა. როგორ ფიქრობთ, ერთი მხრივ, შესაძლებელია თუ არა წევრობის ამგვარმა მოდელმა საქართველოშიც ასეთივე წარმატებით იმუშავოს და მეორე მხრივ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს მოვლენების ამგვარ განვითაებას,როგორც ქვეყნის შგნით, ასევე, საერთაშორისო არენაზე?

ვერშბოუ: ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს იდეა თავისი არსით საკმაოდ წინააღმდეგობრივია, მისი გამორიცხვა მაინც არ შეიძლება, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გასაღრმავებლად მიმართული ნებისმიერი შესაძლებლობის გამორიცხვა, რუსული მხარის მიერ განმარტებული იქნება, როგორც რუსული რიტორიკისა და, ზოგადად, მათი საერთაშორისო პოლიტიკის გამარჯვება. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოსთვის ნატოს ყველა კარი იყოს მაქსიმალურად ღია, რათა მან მოახერხოს და შეუერთდეს ალიანსს მანამ, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდება და დაუბრუნდება თქვენ ქვეყანას. ეს იქნება იმ პროცესების მსგავსი, რაც ვიხილეთ გაყოფილი გერმანიის გაერთიანების შემთხვევაში. საფრთხე არის ის, რომ რუსებს შეუძლიათ უფრო შორს წავიდნენ და მოახდინონ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ან ორივე რეგიონის ანექსია და ამ ტერიტორიების იზოლაციის ხარისხი კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ. ამიტომ, ეს საკმაოდ რთული დილემაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო იმყოფება ზღვარზე, როცა შეიძლება  მიიღოს მიწვევა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ამ პროცესში და ეს საკითხი უნდა დარჩეს როგორც სარეზერვო ფაქტორი მომავალ წლებში. მე იმას ვგულისხმობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადვილად მივაღწევთ კონსენსუსს, თუმცა, ეს უნდა იყოს პოლიტიკურად და ინტელექტუალურად გამართლებული და დასაბუთებული არჩევანი.

როგორ აფასებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ამ ცოტა ხნის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა  სირიის კონფლიქტში საკმაოდ უცნაური ნაბიჯები გადადგა. როგორ ფიქრობთ, ეს ურთიერთობა ხომ არ შექმნის კონფლიქტის ახალ კერებს რეგიონში  თუ პირიქით, შეძლებს და შეასრულებს ერთგვარი სტაბილურობის და მშვიდობის გარანტორის როლს მსგავსი სახის დაპირისპირებების საწყის ეტაპზე?

ვერშბოუ: ვფიქრობ, ნატო-საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ იმას არ ითვალისწინებს, რომ   საქართველომ  გააძლიეროს და პროფესიონალურ დონეზე აიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და რომ თქვენი ქვეყანა გახდეს უსაფრთხოების უფრო მძლავრი  პროვაიდერი. ეს პარტნიორობა იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში, აჩვენებს რა რუსეთს, რომ ა.შ.შ. და მისი მოკავშირეები აცნობიერებენ და აღიარებენ საქართველოს უდიდეს მნიშვნელობას.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ნამდვილი მოკავშირე, ხდება რა უფრო დასავლური ქვეყანა, უფრო ძლიერი და იძენს უნარს უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში და ყოველნაირი გარეგანი დახმარების გარეშე უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა. სახიფათო მეზობლებზე საუბრისას ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ახსენებენ და ფიქრობენ რუსეთზე, მაგრამ, ამავე დროს, საგულისხმოა, რომ არც თურქეთი იზიარებს სრულად დასავლური ალიანსის შეხედულებებს. საქართველო ჯერ კიდევ შუა გზაზეა და  არსებობს გარკვეული რისკები, თუმცა, თქვენ ქვეყანას შეუძლია  გადალახოს იგივე ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები; ასე, რომ ვფიქრობ,  ნატოსთვის მნიშვნელოვანია დაარწმუნოს კიდევ ერთხელ საქართველო, რომ ის არის ჩვენი ოჯახის ნაწილი, გაფართოებული ოჯახის ნაწილი, და ნატო-მ უნდა გააღრმაოს საქართველოს ინტეგრაცია და აქციოს ის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილად.

თქვენ  უდიდესი წვლილი მიგიძღვით ალიანსის პოზიციის ფორმირებაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური ნაბიჯები გადადგა ალიანსმა ამ თვალსაზრისით და რა ინფორმაცია გაქვთ, საქართველოში კონფლიქტის შემდეგ, შეცვალა თუ არა ნატომ  ურთიერთობა  პუტინის კაბინეტთან და რა შეიცვალა მათ შორის ამ კონფლიქტის შემდეგ?

ვერშბოუ:ვფიქრობ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გადაგვეფასებინა რუსეთთან ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის საფასურის გადახდა, ჩვენ 6 წლის შემდეგ მოგვიხდა, როცა მათ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. ვფიქრობ, დღეს ჩვენი რეაქციები უფრო ხისტია და ეს სასარგებლოა საქართველოსთვისაც შეკავების პოლიტიკის აღდგენის თვალსაზრისით, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ერთიანობის, “ჰელსინკის საბოლოო აქტის“ წესების დაცვის თვალსაზრისით.

სანქციები დაგვეხმარა გაცილებთ მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასე რომ, ვფიქრობ ყველა ამ ძალისხმევის წყალობით თავიდან ავიცილეთ რუსეთის უარესი ნაბიჯები. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მათზე, გავაძლიეროთ სანქციები, რათა რუსებმა იმაზე ნაკლები გააკეთონ, ვიდრე დაიქადნეს და შეჩერდეს ბორდერიზიციის პროცესი და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

თუ სწორად გავიგე, თქვენი პოზიციაა, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთის რეაქცია უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი.

დიახ, სასურველი იქნებოდა.

მაინტერესებს, შეძლებდა თუ არა მსოფლიო უკრაინის კონფლიქტის თავიდან აცილებას 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის უფრო მკაცრად რომ მოეთხოვა პასუხი თუ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გარდაუვალი იყო?

ვერშბოუ: რთულია იმის თქმა თუ რა მოხდებოდა უკრაინაში. პუტინმა ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება  შეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულებას უკრიანასა და ევროპის კავშირს შორის. ამიტომ, არ ვფიქრობ მცდარი იყოს იმის თქმა, რომ მაიდანის ესკალაცია მოახდინა პუტინმა;  ნათელია, რომ წლების მანძილზე რუსებს თაროზე ჰქონდათ შემოდებული გეგმა ყირიმის ანექსიის განსახორციელებლად და ელოდნენ  მომენტს, რომელიც იქნებოდა სიგნალი, არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენლისთვის, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ ყირიმი იყო ხრუშჩოვის მიერ უკრაინელებისთვის გაკეთებული გაუმართლებელი  საჩუქარი და რომ ყირიმი ეკუთვნის რუსეთს. ამიტომ, ჩვენ უნდა დაგვეჯერებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომელიც გვაფრთხილებდა 2009 წელს, როცა მე ვიყავი თავდაცვის მდივნის მთავარი მრჩეველი სამოქალაქო საკითხებში: „აი ნახავთ, ყირიმი შემდეგი იქნება“.

მე უნდა დამეჯერებინა მისთვის. მაგრამ  როდესაც „ღირსების რევოლუციის“ მოძრაობა დაიწყო და გაძლიერდა, იმის ალბათობაც ძალიან მაღალი იყო, რომ რუსეთი საპასუხო დარტყმას გააკეთებდა რაიმე ფორმით. და ჩვენ მართლაც მოუმზადებლები ვიყავით დაზვერვის, სამხედრო თვალსაზრისით რომ გადაგვედგა რეალურად ეფექტური ნაბიჯები.

მინდა გკითხოთ ჰიბრიდული ომის შესახებ, რადგან ეს არის რეალური პრობლემა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. გუშინ ვესაუბრე ლიეტუვას და ლატვიის მინისტრებს და ისინი დამეთანხმნენ. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია ეფექტურად ვებრძოლოთ ამ პროპაგანდას და ყალბი ინფორმაციების გავრცელებას? მაგალითად: 2002 აშშ-მა და ნატო-მ განახორციელეს GTIP პროგრამა და ეს იყო ძალიან ეფექტური პროგრამა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ რეგიონში. დაგვეხმარება თუ არა ეს პროგრამები? ზოგადად, რა სახის პროგრამებს ავითარებს აშშ და ნატო ამ მხრივ და რა სახის დახმარება შეგიძლიათ გაგვიწიოთ?

ვერშბოუ: ჩვენ ვცადეთ ამ ჰიბრიდული საფრთხეების ინკორპორაცია მომხდარიყო დაგეგმარებასა და ვარჯიშებში  როგორც ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ასევე, მათ გარეშე. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართული და უკრაინული გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ამ კიბერ ომში. მსგავსი კიბერ შეტევები შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოთხოვს ანალიზს და ადაპტაციის სატრტეგიას. დიახ მე ვფიქრობ, რომ ტრენინგის პროგრამები აძლიერებს ზოგად მზაობას, ამცირებს  ჩვენ მოწყვლადობას, ზრდის ჩვენს მოქნილობას ამ შეტევების წინააღმდეგ, ეს ასევე გულისხმობს განსხვავებული მიდგომას მუშა პროცესისადმი.

ბევრი ექსპერტი და ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება  იყო შეცდომა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაახლოებამ სათავე დაუდო ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ურთიერთობების კონფრონტაციას მოსკოვთან, თუმცა, ყველაფერი ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, თქვენ თითქმის ყველა ინტერვიუში მაინც აღნიშნავთ, რომ ალიანსის მხრიდან  ეს იყო სწორად გადაგმული ნაბიჯი და მისი გვერდითი მოვლენები საბოლოო შედეგის პირდაპირპროპორციულად შეიძლება ჩაითვალოს.

და მაინც, რას ფიქრობთ საქართველოს საკითხის მსგავ ჭრილში განხილვის თაობაზე? იქნება თუ არა საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იმ შემთვევაშიც კი თუ იგი ნატო-რუსეთის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს?

ვერშბოუ: ვფიქრობ, თავდაპირველი ძირითადი გადაწყვეტილება 90-იანებში,  გაფართოების პირველი ტალღის დროს, 1999 წელს იყო სწორი გადაწყვეტილება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების თვალსაზრისით. ეს წამახალისებელი იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გამოჩნდნენ ვარშავის პაქტიდან დასავლური ტიპის სამხედრო სისტემების დასაფუძნებლად იმისათვის, რომ ქვეყნებს ესწავლათ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრება და ევროპაში ომის გაჩაღება ფიქრადაც კი არავის მოსვლოდა თავში.  ვფიქრობ, რუსული ნარატივი დაკავშირებულია ისტორიის რევიზიონისტებთან რუსეთში, რომელთაც, ჩემი აზრით, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები  ნატო-ს უწყვეტ არსებობასთან დაკავშირებით. თუმცა, წლებთან ერთად, ვფიქრობ მათ გააცნობიერეს, რომ ეს უპირველეს ყოვლისა, იყო პოლიტიკური პროექტი…

ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან გონივრული ნაბიჯი იყო ის გადაწყვეტილება, რომ რუსეთი გვექცია პარტნიორად და მისთვისაც გამოგვენახა ადგილი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს ადგილი ჯერ კიდევ არსებობს რუსეთისთვის…  ვფიქრობ ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როცა საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭა ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა 2008 წელს. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ბუშის ადმინისტრაციის შეცდომადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც საკმარისად კარგად ვერ იმუშავა საკუთარ პარტნირებთან. მან ვერ შექმნა იმგვარი პოლიტიკური ნიადაგი, სადაც საქართველოს წევრობა დასავლური ცივილიზაციისა და, ასევე, რუსეთის მხრიდან რელევანტურად იქნებოდა აღქმული. უფრო ეფექტურად უნდა გვემუშავა რუსეთის მენეჯმენტის თვალსაზრისით 1997 წელს და 1999 წელს, თუნდაც 2004 წელს, როცა ბალტიის ქვეყნები შემოგვიერთდნენ. უფრო მოკლედ, ბუშის ადმინისტრაციას უბრალოდ უნდა დაეჩქარებინა პროცესი და ნაკლები ეფიქრა პოლიტიკური საფუძვლის შექმნაზე პუტინის ადმინისტაციასთან და საკუთარ მოკავშრეებთან.

ბუქარესტის სამიტმა მოიტანა ფეთქებადი შედეგები. ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა რუსეთიდან მომავალი პრობლემები იმდაგვარად, რომ რუსეთს მოეტანა ნაკლები ნეგატივი.

აუცილებლად მინდა გკითხოთ ანაკლიის პროექტის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და როგორია აშშ-ის ინტერესი ამ პროექტისადმი და, ასევე, როგორია რუსეთის დამოკიდებულება ამ პროექტისადმი?

ვერშბოუ: ამ ღრმაწყლოვან პორტს აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. ეს პროექტი უზრუნველყოფს თქვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას და აქვს არსებითი მნიშვნელობა თქვენი უსაფრთხოებისთვის.

ანაკლიის პორტმა, შესაძლოა, მომავალში საშუალება მისცეს ნატო-ს უფრო დიდ გემებს განსხვავებული მიზნების შესასრულებლად  შევიდნენ საქართველოს წყლებში, იქნება ეს პირდაპირი სამხედრო წვრთნები თუ სხვა ნებისმიერი ორმხრივი დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტი. ეს არის პროექტი ეკონომიკურ განვითარებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. გისურვებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით შეფერხებების გარეშე.

აიპრესი: ბატონო ვერშბოუ, გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და გმადლობთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ფორუმებზე. ძალიან ვაფასებთ თქვენს ამ ძალისხმევას, რადგან ვხედავთ თქვენ ინტერესს და აქტიურ მოქმედებას უკრაინის, მოლდოვას კონტექსტში. თქვენ ყოველთვის ააქტიურებთ საქართველოს საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ინტერვიუ მოამზადა ვახტანგ ნინიკაშვილმა

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.