ქართული ენა „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირდება

„მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირების საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „მაიკროსოფტის“ (Microsoft) ექსპერტს განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩს შეხვდა. სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროსა და „მაიკროსოფტს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.

„შეხვედრის დროს „განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისთვის, დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“, სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა „მაიკროსოფტთან“. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება მალე, ქართული ენა ინტეგრირდეს „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტროს შეფასებით, ქართული ენის „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით უზრუნველყოფს.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა. ამ მიმართულებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

https://4u.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.