ქართული კვალი ოფშორულ ზონებში – როგორ გაედინება მილიონები საქართველოდან

ოფშორული კომპანიების გამოყენებით ბიზნესის წარმოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არაერთ განვითარებულ ქვეყანაშიც საქმიანობის სრულიად კანონიერი და ნებადართული ფორმაა. ხშირ შემთხვევაში ოფშორული კომპანიის საგადასახადო ტვირთი სულაც არაა ადგილობრივი კომპანიის საგადასახადო ტვირთზე ნაკლები, თავად ოფშორი კი განიხილება და გამოიყენება კომპანიის აქტივების დაცვის უფრო მყარი გარანტირებისათვის, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.

მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაც იმას ადასტურებს, რომ შეუძლებელია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა იქ, სადაც ბიზნესი და ბიზნესმენი, ინვესტორი და ინვესტიცია მუდმივი ნეგატიური განწყობის, სხვადასხვა ფორმითა და მიზეზით გამოხატული პროტესტის თუ ბრალდების ობიექტი და ადრესატია. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენები მათი კაპიტალის უკეთ დაცვის მიზნით, მიმართავენ ოფშორულ ზონებს.

თუმცა, ზემოაღნიშნულ არგუმენტებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომელთაც თავიანთი არგუმენტებიც გააჩნიათ. საქმე ის არის, რომ ოფშორული ზონები იმდენად გაუმჭვირვალე და ბურუსით მოცულია, რომ ფულის გათეთრების დიდ რისკს შეიცავს, ხოლო ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელთა ვინაობის ძებნა იგივეა, რაც შავი კატისა ბნელ ოთახში. ბოლო პერიოდში, თანამედროვე მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ოფშორების იმ კუთხით მოდერნიზაციაზე, რომ ისინი მეტად გამჭირვალენი გახდნენ. თუმცა, რამდენად რეალური და შესაძლებელია ამის მიღწევა იმ ყველაფრის ფონზე, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები, 2017 წლის მონაცემებით, ოფშორულ ზონებში დაახლოებით 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ, რთული სათქმელია. ასეთი ლობის, გავლენისა და ფინანსური რესურსის ფონზე ნებისმიერი ცვლილების განხორციელება უაღრესად რთულია.

მსოფლიოში არსებული ოფშორული ზონები – 10 ყველაზე პოპულარული ოფშორი

სამწუხაროდ, ოფშორული ზონების სრული ჩამონათვალი არ არსებობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ცდილობენ ოფშორული ზონების გაკონტროლებას. არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, ბაჰამი, ბერმუდი, ბრუნეი, ვანუატუ, გიბრალტარი, გრენადა, დომინიკა, გამბია, ბელიზი, ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, კოსტა-რიკა, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მალტა, მარშალის კუნძულები, მონაკო, ახალი ზელანდია, პანამა, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, ტრინიდადი და ტობაგო, კაიკოსის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული ემირატები, კუნძული მენი (ბრიტანეთი).

არასამთავრობო ორგანიზაცია Tax Justice Network-ის კვლევით ათეული შემდეგნაირად გამოიყურება – სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა, რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია.

ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერსის კუნძული, სინგაპური, ბაჰამის კუნძულები და ჰონგ-კონგი.

2004 წლის 1 მაისს, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში შესვლისა და საგადასახადო რეფორმის შემდეგ, ამ რესპუბლიკის კომპანიებმა “ოფშორის” სტატუსი დაკარგეს. დღეისათვის, კვიპროსი არის დაბალი საგადასახადო იურისდიქცია კორპორატიული გადასახადით, რაც 12.5% შეადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი შეცდომით მას ‘’ოფშორს’’ უწოდებს. Paradise Papers-ის დოკუმენტები აჩვენებს, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები, ოფშორულ ზონებში დაახლოებით 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ. ამის შესახებ შუედდეუტსცჰე ძეიტუნგ-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ოფშორულ ზონებში 600 მილიარდამდე ევრო გადააქვთ.

საკონტროლო „გასროლა“ Paradise Papers-ისგან და ქართული კვალი ოფშორულ ზონებში

ოფშორული კომპანიების მიმართ ბოლოდროინდელი დიდი სკანდალი “პანამის დოკუმენტების” სახელითაა ცნობილი. საბუთები, რომელმაც ოფშორულ ზონებში გავლენიანი პერსონების ბიზნესგარიგებები გამოავლინა უკვე არაერთი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა.

პანამის რეზონანსში საქართველოცაა წარმოდგენილი. „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებული 85 ქართველის სია საკმაოდ შთამბეჭდავია, რომელშიც როგორც ყოფილი, ასევე მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ, მათ შორის ბიზნესმენები და ადვოკატებიც.

დოკუმენტებში ქართული ბიზნესის ფაქტობრივად ყველა სექტორიდან მოხვდნენ კომპანიები, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფულადი რესურსი გაედინება ოფშორულ ზონაში.

ბიძინა ივანიშვილი – Lynden Management Ltd-ის მფლობელი, არჩილ კბილაშვილი – Harrington Development Inc. (POA), დავით ასათიანი – Harrington Development Inc. (POA), ირაკლი კანდაშვილი – Harrington Development Inc. (POA), ზაზა ოქუაშვილი – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი), ირაკლი იაშვილი – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი), გიორგი კაპანაძე GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი),

დავით კეზერაშვილი – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი), რევაზ შარანგია – SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი), ივანე ჩხარტიშვილი – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), კობა ნაყოფია – Cuento Portfoilio Corp. (POA), ხვიჩა მაქაცარია – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი).

გიორგი გაჩეჩილაძე – Garissa Ltd (მფლობელი), დავით იაკობაშვილი – შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი), ვასილ ბიბილაშვილი – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ზაზა ბიბილაშვილი – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ირაკლი კორძახია – ARGOTRANS LIMITED (POA), კახა დამენია – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი), ზაზა ქათამაძე – Georgia Rudomar S.A (“ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი), დავით რაფავა და გიორგი რამიშვილი – „სილქ როუდ ჯგუფი“.

ყოფილი ჩინოვნიკების და ბიუჯეტის „მჭამელთა“ სამოთხე

ოფშორულ ზონებში ვხვდებით ბევრ ისეთ პიროვნებას, რომელიც ადრე ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონის წარმომადგენელი იყო. უმეტეს შემთხვევაში, თანამდებობაზე მოსვლამდე მათი ფინანსები მოკრძალებული იყო, ხოლო თანამდებობის დატოვების შემდეგ, მილიონერებად და სოლიდურ ბიზნესმენად მოგვევლინენ. დოკუმენტებში მოხვედრილი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი „ნაციონალების“ მთავრობის დროინდელი კადრია, თუმცა სიაში შევარდნაძის მთავრობის დროინდელი კადრებიც ფიგურირებენ. მათი უეცარი გამდიდრება აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ მათ ქვეყნის მთავარი ხაზინის ხარჯზე მოითბეს ხელი.

საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარეობს საუბრები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობის შესახებ, საუბრები იმის თაობაზე, თუ რა გზა განვლო მან ერთოთახიანი ბინის მფლობელობიდან მილიონერობამდე. ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან წავიდა, თუმცა მისი ფინანსები, დღემდე მოძრაობს ქვეყნის შიგნით. კეზერაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარ „კასირადაც“ ითვლებოდა.

ალბათ, გასაკვირი არავისთვისაა ის, რომ პანამის სკანდალურ დოკუმენტებში ყოფილი მაღალჩინოსანიც მოხვდა. დოკუმენტებში კეზერაშვილის სახელი ARKENSTONE MANAGEMENT LIMITED-ს, SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ს, FUTURE PRODUCT COMPANY-ის (ყოფილი მფლობელი) უკავშირდება. 2006 წელს, როცა კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა, მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. ამის შესახებ შვეციარიული პრესაც წერდა. 2008 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, მისმა რწმუნებულმა 3 ოფშორული კომპანია დააარსა და ნავთობის გაყიდვის შედეგად მოპოვებული მილიონები ამ კომპანიების საბანკო ანაგარიშებზე გადაირიცხა. პანამის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი ანგარიში შვეიცარიულ ბანკ BCGE-ში გაიხსნა, სადაც 2012 წელს 20 მლნ შვეიცარიული ფრანკი ჩაირიცხა, ანალოგიური გზით კი ბანკებში – ABN AMRO-სა და BNP PARIBAS-ში – 25 მლნ ფრანკი.

მოქმედი პოლიტიკოსებიდან ოფშორული ზონის სიკეთეებით სარგებლობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია. ბიზნესმენი “ფინანსურ სამოთხეში” რეგისტრირებულია როგორც ჩუენტო პორტფოლიო ჩორპ-ის. ნაყოფიას ოჯახის ბიზნესებიდან საჯარო და დეკლარირებული ხუთი მათგანია, ხუთივე შვილის – ნიკოლოზ ნაყოფიას სახელს უკავშირდება, აქედან ორი Bioneli Limited LTD-ი და DREAM VISION CAPITAL INC-ი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, Gეორგიან ინტერნატიონალ Films LLC-ი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, ხოლო შპს “მუვინგ პიქჩერსისა” და “გოლდინვესტის” იურიდიული მისამართი თბილისია. ეს ბოლო 2006 წლის მაისიდან “ზარაფხანის” მფლობელია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კობა ნაყოფიას “გოლდინვესტმა” 2 მლნ 40 ათას დოლარად შეიძინა. მანამდე იყო აუქციონის წესით ნაყიდი სს “მადნეული”, კომპანიის აქციათა 97%-ში ნაყოფიას “პრომინვესტმა” 40 მლნ დოლარი გადაიხადა, ამ თანხაში ბიზნესმენს “კვარციტის” აქციათა 50%-იც გადაეცა. სს “მადნეულის” შეძენით დაინტერესებული მაშინ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც იყო, რომლის კომპანიაც აუქციონში 36 მლნ დოლარით მონაწილეობდა, საბოლოოდ ოქრო ნაყოფიას ერგო. მაშინ ის ჯერ დეპუტატი არ იყო, ბიზნესმენი საქართველოში 2005 წლიდან ჩნდება. წლების განმავლობაში ოქროს ბიზნესის მფლობელი აქტიურად აფინანსებს “ნაციონალურ მოძრაობას”, შემდეგ კანონმდებელი ხდება – კობა ნაყოფია ბოლნისის მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს.

დოკუმენტებში ფიგურირებს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, გია უდესიანიც. უდესიანი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეც იყო. მასზე ამბობენ, რომ ე.წ. “ზონდერ” ჯგუფების ხელმძღვანელიც იყო. უდესიანის სახელს უკავშირდება შპს “კუს ტბა კალა”, რომლის საკონტროლო პაკეტი პანამაში რეგისტრირებულ “უოლმილ სერვისს” ეკუთვნის.

“პანამის დოკუმენტებში” ვხვდებით კახა დამენიასაც, რომელიც 2005-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ბოლო პერიოდში ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფინანსური დირექტორი გახლდათ. დოკუმენტებში ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული STAMAR GLOBAL LTD-ის დირექტორის პოზიციით მოხვდა.

სამეწარმეო რეესტრიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 28 ოქტომბერს, რაც ემთხვევა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, პანამაში რეგისტრირებულმა შვიდმა ოფშორულმა კომპანიამ საქართველოში რამდენიმე ბიზნესი იყიდა, მათ შორის შპს “ჟოკეი კლუბი”, შპს “საბურთალო”, შპს “ტიტანი”, შპს “ავტოჰაუსი-რუსთავი” და სხვ. ყველა ეს კომპანია ასევე ყოფილი ხელისუფლების დიდმოხელეთა სახელებს უკავშირდება.


ყოფილი ჩინოვნიკებიდან ე.წ. ფინანსურ სამოთხეშია შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე. მის მფლობელობაში არსებული Garissa LTD ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2014 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა. ამავე წელს გიორგი გაჩეჩილაძე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იყო. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Garissa Ltd-ის მფლობელებად დოკუმენტებში სახელდებიან ასევე ლევან კაჭარავა და გოჩა მეგრელიძე.

დოკუმენტებში ფიგურირებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია OOCO LTD-ი (Oriental Oil Co LTD), რომლის წილებსაც გიორგი და კობა კეჟერაშვილები და ლიანა კობიაშვილი ფლობენ. გიორგი კეჟერაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს უფროსიის პოზიციას იკავებდა, კობა კეჟერაშვილი და ლიანა კობიაშვილი კი მისი მშობლები არიან. საჯარო მოხელე კობიაშვილმა 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მამა – კობა კეჟერაშვილი Oriental Oil Co. LTD-ის დამფუძნებელი და დირექტორია, კომპანიის იურიდიულ მისამართად ლონდონია მითითებული და არა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, როგორც ეს “პანამის დოკუმენტებშია”. საიდუმლო მასალებით, ამავე კომპანიის მეწილეები გიორგი კეჟერაშვილის ნათესავი ზაალ კეჟერაშვილი და შორენა გველესიანი არიან. ამას გარდა, ოჯახი წილებს ფლობს ამავე ფინანსურ ზონაში რეგისტრირებულ FOL TRADING CORP-ში.

ეს იმ ყოფილი ჩინოვნიკების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ოფშორულ ზონებთან ფიგურირებენ. მათი საქმიანობა მოცემულ მომენტში უკანონო არ არის, თუმცა უმრავლესობის მიმართ, რომლებაც თანამდებობაზე მოსვლის პატალელურად სერიოზული ფინანსური წინსვლა განიცადეს, საფუძვლიანი ეჭვები და კითხვები არსებობს, რომელიც პასუხგაუცემელია. მართლაც, ჩინოვნიკების ხელფასი საქართველოში არ არის იმდენად მაღალი, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ შთამბეჭდავი ბიზნეს მოღვაწეობის შესაძლებლობას იძლეოდეს. ამიტომ, ჩნდება მოსაზრებები, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკაში ყოფნისას, როგორც თავისი, ასევე მთავრობასთან დაახლოებული პირებით, ბიუჯეტის ფული თავიან ბიზნესინტერესებს მოახმარეს. ეს კი ცალკე განხილვის თემაა და საამისოდ სამუშაოდ შესაბამისი უწყებები აქტიურად უნდა დაკავდნენ.

BFM.GE

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.