ქართული სასამართლო: ყველა ვალდებულია, ფეისბუკზე დაიცვას ეთიკისა და ზნეობის ნორმები

ფეისბუკი და ფეისბუკში შექმნილი დახურული ჯგუფი წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოდ მიღებულ ეთიკისა და ზნეობის ნორმები – ასე განმარტავს მოსამართლე ნათია მერაბიშვილი პრეცედენტულ გადაწყვეტილებას სტუდენტის მიერ ფეისბუკის ჯგუფში ლექტორის მიმართ გინების საქმეზე.

ბუბა ნაჭყებიამ, თსუ-ის სტუდენტების 3000-წევრიან დახურულ ჯგუფში, თავის ლექტორს გიორგი გორაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტი 2019 წლის ივნისში დაწერა. გორაშვილმა პოლიციას მიმართა და სტუდენტის დასჯა მოითხოვა.

საქმე წარიმართა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რომლის თანახმად: “წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს”. დანაშაული ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე პატიმრობით.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილს მიაჩნია, რომ 1984 წელს მიღებული კანონი ევოლუციურად უნდა განიმარტოს და საზოგადოების თავშეყრის ადგილად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური ქსელი. მერაბიშვილის განმარტებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გარკვეული პოსტების გაზიარება სხვა ადამიანებისთვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში:

“კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯარო გავრცელებად უნდა შეფასდეს”.

მოსამართლე განმარტავს, რომ სტუდენტმა ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სცილდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ნათია მერაბიშვილის აზრით, საზოგადოებრივი წესრიგი გამოიხატება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბუბა ნაჭყებიამ ხულიგნური ქვენაგრძობით ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეთა სიმშვიდე.

ნათია მერაბიშვილის აზრით, ბუბა ნაჭყებიამ და მისმა უფლებადამცველმა საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცეს.

ცენზურის საფრთხე

იურისტები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეზღუდულია მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფა: როდესაც ადამიანები ფიზიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან, შეურაცხყოფამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. ფეისუბკში კი ასეთი საფრთხე არ არსებობს.

“წარმოუდგენელი სისულელეა”, – ამბობს ილიაუნის პროფესორი და გიორგი მელაძე და აგრძელებს: “ყოველთვის მეგონა, რომ ამ მუხლს ქუჩაში ჩხუბის გამო იყენებდნენ. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ფეისბუკ ჯგუფში მიმდინარე დისკუსიას შეიძლება მოჰყვეს ამ მუხლის გამოყენება”.

მელაძე ფიქრობს, რომ სასამართლომ კიდევ ერთი მექანიზმი შექმნა დამწყები აქტივისტების დასაშინებლად. მისივე თქმით, ახლა გამოიყენებენ ფინანსურ ჯარიმებს, რომ ადამიანების ფეისბუკ აქტივობა შეზღუდონ.

ბუბა ნაჭყებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლთან დაკავშირებით, შესაძლოა, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოსაც და მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.