ქვეყანაში ადგილობრივი მუშახელი აღარ დარჩება! – “იმდენად დაბალია შობადობა და მაღალია მიგრაცია, რომ მოსახლეობა სამუშაო ადგილებსაც ვეღარ შეავსებს”

2019 წლის პირველ კვარტალში გარდაცვალებასა და დაბადებას შორის უარყოფითი ბალანსია. იანვარ-ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, 22 945 ადამიანი დაიბადა და 24 563 გარდაიცვალა. უარყოფითი ბალანსის პირველი გამომწვევი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ამის გამო იზრდება მიგრაცია და საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მუდმივად მცირდება. ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში ადგილობრივი მუშახელისძალიან მწვავე დეფიციტი იქნება.

ფინანსური პრობლემების გამო, არათუ ახალი ოჯახი არ იქმნება, არამედ დაოჯახებული ადამიანებიც შორდებიან ერთმანეთს და თავს იკავებენ შვილების გაჩენისგან. ამჟამად ქვეყანაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. 2014 წლიდან მოყოლებული, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს და, სავარაუდოდ, აღნიშნული ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.

ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები დააცხადებენ, რომ ერი დაბერების პირასაა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური ვითარება ოჯახის შექმნას ხელს უშლის, რის გამოც შობადობა წლიდან წლამდე იკლებს. სპეციალისტები შობადობის შემცირების მიზეზად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, მასობრივ მიგრაციასაც ასახელებენ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე `რეზონანსთან~ აცხადებს, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მიგრაციაში 200 000 ქართველი ბავშვი დაიბადა.

“შობადობის მაჩვენებლის შემცირება ორი მთავარი ასპექტით არის გამოწვეული: ერთია წმინდა ეკონომიკური და მეორე – დემოგრაფიული. მძიმე ეკონომიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ოჯახები თავს იკავებენ ბავშვის გაჩენისაგან, ხოლო საქორწინო ასაკში მყოფები – ოჯახის შექმნისაგან. გარდა ამისა, ოჯახის შექმნის ვადამ გადაიწია. პირველი ქორწინების ასაკმაც საკმაოდ მოიმატა როგორც ვაჟებში, ისე – გოგონებში, ბავშვების გაჩენა კი ეკონომიკური მიზეზების გამო ყოვნდება. რომ არა საქართველოს პატრიარქის ინიციატივა – მესამე და მომდევნო ბავშვების მონათვლის თაობაზე, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეიქნებოდა.

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან შრომითი მიგრანტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. მიგრანტების მთლიანი რაოდენობა ორჯერ და მეტადაც კი აღემატება მოსახლეობის წილს საქართველოში. ვინც უნდა შექმნას ოჯახი და გააჩინოს ბავშვი, ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან გასული. სამომავლოდ ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ძალიან უარყოფით როლს ითამაშებს.

ქართველებისგან ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 200 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. მათ რაოდენობას ჩვენს სტატისტიკას ვერ მივამატებთ”, – აცხადებს “რეზონანსთან” სოსო არჩვაძე.

2014 წლიდან მოყოლებული, შობადობა მუდმივად მცირდება, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა კი ქვეყნიდან გადის. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ხელში დაბერებული ერი შეგვრჩება და ადგილობრივი მოსახლეობა სამუშაო ადგილებსაც კი ვერ შეავსებს, რომელსაც ბიზნესი შესთავაზებს ბაზარს. ამჟამად ასეთი ვითარებაა რეგიონებში, სადაც ადგილობრივი კადრების დეფიციტია. ბიზნესმენები მუდმივად საუბრობენ, რომ არ არის საკმარისი მუშახელი ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. რამდენიმე წელიწადში, მოსახლეობის პოპულაციის შემცირების გამო, იგივე პრობლემა შეიძლება დადგეს დიდ ქალაქებში. რამდენადაც ბიზნესი განვითარებას ვერ შეაჩერებს, საჭირო გახდება მეტ-ნაკლებად კვალიფიციური კადრების მოზიდვა უცხოეთიდან. 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ეს მართლაც დიდი თავსატეხია:

“ჩინეთშიც კი, მოსახლეობის დაბერებამ სერიოზული პრობლემები შექმნა სამუშაო ძალის ოდენობასთან დაკავშირებით. მათ გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა. სხვათა შორის, ჩინეთისა და საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი ერთმანეთს ემთხვევა. როცა ჩინეთია შეშფოთებული, რომ ქვეყანაში შრომითი რესურსები უფრო და უფრო პრობლემა ხდება, რაღა უნდა ვთქვათ საქართველოზე.

ჩვენ გვჭირდება განათლებული, კვალიფიციური, პროფესიონალი და პატრიოტი სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან დასაქმებული საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგში. ასეთ მომენტში ნაკლებად მოგვიწევს სხვა ქვეყნის მუშახელის მოწვევა და შევძლებთ საკუთარი დემოგრაფიული პოტენციალის ხარჯზე ეკონომური გამოწვევებისთვის ადეკვატური და ღირსეული პასუხის გაცემას. ჯერჯერობით აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა არჩვაძემ.

დემოგრაფები ამბობენ, რომ დაბადებასა და გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსი აუცილებად გვექნება, რადგან ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. ზვიად ტომარაძე ამის მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობასა და მასობრივ მიგრაციას ასახელებს.

“პირველი კვარტალის მონაცემებს მეორე კვარტალი აბალანსებს ყოველთვის, მაგრამ იმ ფაქტს ვერაფრით გავექცევით, რომ, ადრე თუგვიან, ეს შედეგი აუცილებლად დადგება. დაბადებასა და გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსი აუცილებად იქნება, რადგან ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს.

ბოლო წლებში საქართველოდან ხალხის აქტიური გადინება ხდება. “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, განქორწინების რიცხვი მზარდია, ხოლო ქორწინების – კლებადი. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ დაბადებასა და გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსია.

მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს, 26 იანვარს, ჩვენმა ორგანიზაციამ “ერი და სახელმწიფომ” მას წერილით მივმართეთ, რომ პარლამენტში შექმნილიყო დემოგრაფიული საბჭო, ისევე როგორც არსებობს გენდერული თანასწორის საბჭო. სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება. ასე რომ, რა პოლიტიკასაც ატარებს სახელმწიფო, შედეგიც ისეთივე გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველანაირი პოტენციალი და რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ პროდუქტი ექსპორტზე გაჰქონდეს და გავხდეთ მწარმოებელი სახელმწიფო, პირიქით, ჩვენ გავხდით მომსახურე ერი. ამას ემატება ისიც, რომ ყველაზე დიდი ექსპორტი, რასაც ვახორციელებთ, უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანების ექსპორტია. ამ კუთხითაც არაფერს აკეთებს ხელისუფლება. მუშახელის საკითხი პირდაპირპროპორციულია შობადობისა და გაზრდილი მიგრაციისა”, – განუცხადა “რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ.

ვანცა წულაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.