ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწის ფართობი იზრდება

ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწის ფართობი იზრდება. 2017 წელს საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების მოცულობა ოთხი წლის მინიმუმზე დაფიქსირდა.

საქსტატმა მემცენარეობის შესახებ 2017 წლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასულ წელს ნათესი ფართობების მოცულობამ თითქმის 214.9 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც ნაკლებია არა მხოლოდ 2016 წელთან შედარებით, არამედ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, შემცირებულია როგორც საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების, ისე საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემში კარგად ჩანს, რომ 2014 წელს ქვეყანაში სულ 274 ათას 900 ჰექტარი ნათესი ფართობი იყო, 2015 წელს 263 ათას 700 , 2016 წელს 240 ათასი , ხოლო 2017 წელს 214 ათას ცხრაასი ჰექტარი.

აქედან საშემოდგომო მარცვლოვან კულტურებს (ხორბალი, ქერი), 2014 წელს 58 ათას 400 ჰექტარი შეადგენდა, 2015 წელს 56 ათას 200, 2016 წელს 60 ათას 500 , 2017 წელს 52 ათას 500, ხოლო 2018 წელს 46 ათას ორასი ჰექტარი იყო.

საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობებში იგულისხმება წინა წლის შემოდგომაზე დათესილი საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი, საიდანაც მოსავლის აღება ხორციელდება მიმდინარე წელს.

მონაცემში ასევე ასახულია საგაზაფხულო კულტურები რაც 2014 წელს 216 ათას 500 ჰექტარს შეადგენდა, 2015 წელს 207 ათას 500, 179 ათას 500, ხოლო 162 ათას 400 ჰექტარს.

ამასთან, 2017 წელს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა იყო ციტრუსის წარმოებაც – სულ დაახლოებით, 58 ათასი ტონა.

დაახლოებით, 75 ათასი ტონით ნაკლები იყო 2017 წელს ხილის მოსავალი და შეადგინა, დაახლოებით, 111 ათას 800 ტონა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწის ფართობის ზრდას „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გადასახადების ზრდას უკავშირებს, რის გამოც მიწაზე მომუშავე ადამიანს  საჭირო ინვენტარის შეძენა უჭირს.

„როდესაც სახელმწიფომ სოფლის დახმარება გადაწყვიტა, მან უნდა გაარკვიოს სოფლის მოსახლეობას ეხმარება თუ სოფლის მეურნეობას. ხვნა-თესვის ვაუჩერი იყო სოციალური პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობას ასე პირდაპირ არ დაეხმარებოდა.

ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ თუ  ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ეხმარება, ჯობია ფული დახარჯოს სოციალური დახმარებების სახით. მიწაზე მომუშავე ადამიანი თანხას საჭიროების მიხედვით საკუთარი სურვილით გამოიყენებს.

როდესაც ვაუჩერები დაარიგეს, თითოეულ პროდუქტზე ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ამან გამოიწვია ის, რომ როდესაც სახელწიფომ ამ ტიპის დახმარება შეწყვიტა, ფასები იგივე დარჩა. დღეს სოფლებში მექანიზაციის ცენტრები მოშლილია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. საერთო ინფლაციის პირობებში კი ყველაფერი გაძვირებულია“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“  წარმომადგენლის თქმით, მისი მთავარი მესიჯი ისაა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წამოწყებული პროექტები გლეხებს ვერ ეხმარება, რადგან სახელმწიფო ყველას ვერ დაეხმარება. ასეთი გზით მხოლოდ ერთეულებს ეხმარება.  ამიტომაა საჭირო გადასახადების დაწევა, რომ მოსახლეობამ შეძლოს მიწის დამუშავება.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, როგორც სამინისტროდან „კომერსანტს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე უწყება საქსტატთან ერთად დეტალების დაზუსტებაზე მუშაობს, რის შემდეგაც სამინისტრო საბოლოო ვერსიას გამოაქვეყნებს.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.