ქიბარ ხალვაშის ძმა ხელვაჩაურში საწარმოს დაბრუნებას ითხოვს

ქიბარ ხალვაშის ძმის ნიაზ ხალვაშის კუთვნილი კომპანია ხელვაჩაურში ფილებისა და სამშენებლო მასალების ქარხნის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც აქამდე კომპანია “ტრანსკავკასიის კრისტალს” ეკუთვნოდა.

ნიაზ ხალვაში თანამშრომლებთან და დაცვის სამსახურთან ერთად შენობაში გვიან ღამით შევიდა, თუმცა ტერიტორიის დატოვებას არც ყოფილი მესაკუთრე აპირებს. საწარმო ნიაზ ხალვაშმა 2006 წელს შეიძინა, თუმცა ორი წლის შემდეგ მას ქარხანა ჩამოართვეს. 2010 წელს იგი “ტრანსკავკასიის კრისტალმა” იყიდა, თუმცა “თიბისი ბანკთან” წარმოშობილი დავის გამო ქონება ბანკმა დააყადაღა და 30 მარტს აუქციონის წესით იგი ბანკისგან კვლავ ნიაზ ხალვაშის კომპანიამ შეიძინა.

„მოკლედ ვიყიდე ეს ქარხანა, 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმის დროს დამიჭირეს, წამართვეს, გამიყიდეს. დღეს ვიყიდე აუქციონით. ჩემი საკუთრებაა. რატომ გაიყიდა, რა დავალიანება ჰქონდა, რატომ გავიდა აუქციონზე, ეს ჩემი საქმე არ არის. დღეს ეს ქარხანა არის ჩემი, მეორედ ვიყიდე“, – განაცხადა ხალვაშმა.

ნიაზ ხალვაშმა საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა, თუმცა მოწინააღმდეგე კომპანიის ადვოკატი აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ნიაზ ხალვაშის შესვლა უკანონოა, რადგან მას არ აქვს სასამართლოს განჩინება აღსრულებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ქარხანა კი მუშაობას აგრძელებს.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.