ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

მომავალი წლიდან ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებს ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს, თანაც უძველესიდან პირდაპირ სუპერთანამედროვეზე გადაერთვება და დაიწყებს როგორც ჩინური, ისე სრულად ქართული, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილების წარმოებას წარწერით: Made in Georgia!

კომპანია აიგრუპი ქუთაისში 100 ჰა ფართობზე აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, იმუშავებს მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. ყველა მათგანის ამუშავების შემდგომ კომპლექსში 3000-მდე კაცი დასაქმდება და როგორც კომპანიაში ამბობენ, 100% ადგილობრივი მცხოვრები იქნება! ელექტრომობილების საწარმოს აშენება გასულ კვირას დაიწყო და კომპანია აიგრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანთან ინტერვიუც ამაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

– ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ გასულ კვირას ავტომშენებლის ქუჩაზე, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე, უკვე დაიწყო მუშაობა. ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში აშენება ადგილობრივი ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ამ მასშტაბის საწარმო აუცილებლად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველად აშენდება ელექტრომობილების ამწყობი საწარმო, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

– ელექტრომობილების საწარმო ინდუსტრიული კომპლექსის მხოლოდ პირველი პროექტია. კომპლექსი კიდევ რა საწარმოებს გააერთიანებს?

– იქნება მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. შედეგად, ინდუსტრიული კომპლექსი, სადაც 3000-მდე კაცი დასაქმდება, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა. საბედნიეროდ, ქუთაისს აქვს პროექტისთვის აუცილებელი სპეციალისტების რესურსი. უკვე მოვძებნეთ ინჟინრები, შემდუღებლები, საწარმო ხაზების სპეციალისტები და მენეჯერები, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტს. საწარმოო პროცესების პარალელურად, იგეგმება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. ვაპირებთ გავხსნათ ტექნიკური კოლეჯიც, სადაც ახალგაზრდები ავტოწარმოების სპეციალობებს დაეუფლებიან.

– სექტემბერში ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წარდგენილი ელექტრომობილი ბევრმა ქართულის პროტოტიპად ჩათვალა.

– სამეცნიერო პიკნიკის ეგიდით წარვადგინეთ ელექტრომობილის ის მოდელი, რომელიც ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოში აეწყობა. ის სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან, რათა ჩავრთოთ ჩვენი ელექტრომობილების გაზიარების სერვისში აიქარი. გვინდა მომხმარებელმა გამოცადოს ჩანგანის მოდელი EADO, რომლის წარმოებასაც ადგილობრივად ვთავაზობთ.

– ახალი ქართული საავტომობილო ბრენდის დიზაინზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს. როდისთვის უნდა ველოდოთ ახალ მოდელს და დასახელებას?- ზვიად ციკოლიას დიზაინს მოსახლეობა წარმოების დაწყების შემდგომ იხილავს. ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებთ, ისევე როგორც ბრენდის სახელწოდებას, რომელიც ჯერ მუშავდება.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენდს ერქმევა ორვო, რაც ძველ კოლხურად რვას, უსასრულობას ნიშნავს. მართალია?

– ორვო არა ავტომანქანის, არამედ ქარხნის სახელწოდების ერთ-ერთი ვარიანტია. ამ ვერსიის ავტორია ჩვენი ბრენდდირექტორი გიგა ხატიაშვილი.

– ქართული წარმოების პირველმა ავტომანქანამ მზის სინათლე უკვე 2020 წელს უნდა იხილოს. ამ ვადაში ლაპარაკია მხო­ლოდ ჩინური კორპორაცია ჩანგანის სამოდელო რიგის ავტომობილების ქუთაისში წარმოებაზე, თუ პირველ ქართულ ელექტრომობილსაც გაისად ვნახავთ?

– თავდაპირველად წარმოებაში ჩაეშვება ჩანგანის მოდელები, პარალელურად კი დაიწყება მუშაობა იმ ელექტრომობილზე, რომელსაც ზვიად ციკოლია შემოგვთავაზებს.

– ელექტრომობილების საწარმოს სრულად­ დატვირთვის შემდგომ ინდუსტრიულ კო­მპლექსში დასაქმებულთა რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. დაახლოებით რამდენი პროცენტი იქნება ადგილობრივი?- 100%! ჩანგანთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ჩინური მხარე მხოლოდ ტექნოლოგიებს მოგვაწვდის. ასე რომ, ჩვენი კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი გახდება რეგიონში.

– წლიურად 40 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავთ. აქედან ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. დარწმუნებული­ ხართ, რომ ქართული წარმოების ავტომანქანები კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ ავტომობილებს, რომლებიც მეორადია და შესაბამისად, ნაკლებფასიანი? ქართული ბრენდის მოდელები ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი?

– ვამუშავებთ ლიზინგის სისტემას, რომელიც საქართველოში წარმოებულ მანქანებს ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის.

– იგეგმება ოთხი სხვადასხვა კლასის­ ელექტრომობილის წარმოება. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ მათი მახასიათებლები?

– ჩვენი ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე­ და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად გაივლის. დასაწყისისთვის გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეჩბექს, რომელთა­ გამავლობა ერთ სრულ დამუხტვაზე 450 კილომეტრია, თუმცა ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ დავამატებთ შედარებით მცირე, A-კლასის მოდელს, რომლის გამავლობა 250 კილომეტრია. ასევე, BENNI-ს ახალ მოდელს გაორმაგებული ძრავითა და გაძლ­იერებული ბატარეით. ვაპირებთ ჯიპების წარმოებასაც CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep), რომლებიც ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ!

bpn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.