ქუცნაშვილმა, რომელიც აცხადებს რომ კვებისთვის დღეში 4 ლარი საკმარისია, მილიონ 606 ათას 335 ლარის უძრავი ქონება იყიდა – 2012 წლის შემდეგ

ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რომელიც აცხადებს რომ დღეში 4 ლარი კვებისთვის საკმარისია, 2012 წლიდან დღემდე მილიონ 606 ათას 335 ლარის უძრავი ქონება შეიძინა. 

ბინები, მიწის ნაკვეთები, მანქანები, არასაცხოვრებელი ფართები – ეს ქართული ოცნების დეპუტატის, ერთ დროს სოციალისტის, ზაქარია ქუცნაშვილის გატაცებაა. 

მაშინ, როდესაც ხალხს ლუკმა-პური ენატრება და ადამიანები უპერსპექტივობის გამო ქვეყნიდან გარბიან, ხელისუფლების წარმომადგენლები უსწრაფესი ტემპებით მდიდრდებიან.

ასე მაგალითად:

2018 წელს, ზაქარია ქუცნაშვილმა ბინა იყიდა ტურგენევის 2-ში, რომელშიც 40 ათასი დოლარი გადაიხადა. 

მანვე, 2018 წელს, ტურგენევის 4-ში შეიძინა მეორე ბინაც, უკვე 230 ათას დოლარად (გაფორმებულია მეუღლეზე).

ზაქარია ქუცნაშვილმა ტურგენევის ქუჩაზე იყიდა სარდაფიც – 1000 დოლარად.

გასულ წელსვე, ზაქარია ქუცნაშვილმა ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელიც 35 ათასი დოლარი დაუჯდა. ქონება მის მეუღლეზეა გაფორმებული. 

ქუცნაშვილმა 2018 წელს იყიდა კიდევ ერთი ბინა, კარტოზიას ქუჩაზე, 76 ათას დოლარად. 

თუმცა, მას, კარტოზიას 10-ში კიდევ ერთი ბინა აქვს, რომელიც 2016 წელს 50 ათას 700 დოლარად იყიდა.

ქუცნაშვილმა 2018 წელს მიწის ნაკვეთიც შეიძინა – ამჯერად თიანეთში – 5535 ლარად.

დეპუტატმა ქუცნაშვილმა 2013 წელს იყიდა არასაცხოვრებელი ფართი თიანეთშიც, ხევსურთსოფელში – 15 ათას დოლარად.

ხელისუფლების ცვლილების წელს, ქუცნაშვილმა იყიდა ბინა საბურთალოს 32-ში, რომელიც მას 70 ათასი დოლარი დაუჯდა.

2013 წელს, ქუცნაშვილმა იყიდა მიწის ნაკვეთი ლილოშიც, რომელიც მას 30 ათას 210 ლარი დაუჯდა.

მანვე, 2013 წელს იყიდა ტოიოტა პრადოც – 39 ათას დოლარად.ხოლო მამას, ბატონ ომარს ჰონდას მარკის ჯიპი უყიდა – 25 ათას დოლარად.

ჯამში, ზაქარია ქუცნაშვილმა, 2012 წლიდან დღემდე 581 ათას 700 დოლარისა და 35 ათას 745 ლარის ქონება შეიძინა, რაც ჯამში (კურსით 2.70), მილიონ 606 ათას 335 ლარია.

ჩამოთვლილი მატერიალური სიკეთეები ზაქარია ქუცნაშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული და დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქონებისა, რომელსაც დეპუტატი ფლობს. 

P.S: ქუცნაშვილს მითითებული აქვს რომ ქონების ნაწილი მან სესხით შეიძინა, რასაც ჩინოვნიკები ხშირად იმისთვის იყენებენ რომ მათი კორუფციული საქმიანობა არ გაიშიფროს. 

მიმართა თუ არა, მან იგივე გზას? 

ლევან ქართველიშვილი

presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.