“ყველას გაგვყიდიან, ოღონდ ხალხის ხარჯზე მოპოვებული კეთილდღეობა არ დაკარგონ”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი პრემიერ კვირიკაშვილის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ტექსტში ჩანს, რომ  რუსეთს თავისი მონა მიმართავს, რომელიც მზადაა ბატონთან საკუთარი თავი დაიდანაშაულოს:

“90-იანი წლების მერე არ ყოფილა ხალხში ისეთი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი სირცხვილისა და უმწეობის განცდა, რაც კვირიკაშვილის განცხადებამ გააჩინა.

ამ ტექსტით რუსეთს მიმართავს მონა, რომელიც მზადაა დაუსრულებლად საკუთარი თავი ადანაშაულოს იმაში, რომ ბატონი მასზე ძალადობს.

ამ ტექსტიდან ჩანს, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს სათავეში ღირსებისა და თავმოყვარეობის არმქონე ადამიანები დგანან, რომლებიც ყველაფერს დათმობენ და ყველას გაგვყიდიან, ოღონდ საკუთარი სკამები და ხალხის ხარჯზე მოპოვებული კეთილდღეობა არ დაკარგონ.

ამ ტექსტით ივანიშვილის მოურავი ჩვენს მოქალაქეებს ღიად ეუბნება, რომ სრულიად უსუსურები ვართ და მთლიანად მტრის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.

ეს ტექსტი აღრმავებს “ოცნების” მიერ დაბრუნებულ ნიჰილიზმსა და უიმედობის განცდას. დეკლარირებული იმპოტენციის პირობებში, რატომ გვიკვირს, რომ ეკონომიკა მოკვდა და ასიათასობით ქართველი უცხოეთში გარბის?

ამას “პრაგმატული პოლიტიკა” კი არა, პროზაული ღალატი ჰქვია. ღალატია, როცა ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდიხარ და ოკუპანტ რუსეთს ისევ კეთილშობილი შუამავლის როლს სთავაზობ.

ამასობაში, ის პატრიოტები, ვინც ადრე გაჩენის დღეს ანანებდნენ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელებს, ციხეში არიან გამომწყვდეული. მათ წინააღმდეგ კი ხელისუფლება ბაღაფშის საგაზეთო ინტერვიუებს იყენებს. არ შემშლია – შამათავას საქმეში ივანიშვილის პროკურატურა და “სასამართლო” ბაღაფშის ინტერვიუს ეყრდნობა.

დიახ, “ოცნება” არის მოღალატე პოლიტიკური ორგანიზაცია – პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად, უიმედობის გასღვივებლად, ამბიციების ჩასაკლავად და მონური მენტალიტეტის წასახალისებლად.

ოცნება კი არა, კოშმარია, რომელიც უნდა დასრულდეს”.

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.