ყირიმის ოკუპაციის 5 წლის თავზე მოსკოვმა „საჩუქრად“ ახალი სანქციები მიიღო – რატომ აღარ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალური?

აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა რუსეთს ქერჩის სრუტეში 2018 წლის 25 ნოემბერის ინციდენტისა და უკრაინელი მეზღვაურების დაპატიმრების გამო, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით, 15 მარტს ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური სანქციები დაუწესეს. ახალი სანქციების შეეხო როგორც ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რუს მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს, ასევე ორგანიზაციებს, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პროცესში. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ უმოქმედოდ არ ისხდებიან და ამ ახალ სანქციებს აუცილებლად გასცემენ პასუხს.

კანადის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. შავ სიაში 114 ფიზიკური პირი და 15 რუსული კომპანია მოხვდა.

კანადამ სანქციები შემოიღო რუსეთის 24 მოქალაქის წინააღმდეგ, რომელთა შორის მოხვდნენ რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი, ასევე კომპანია „როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ბანკ „ვი თი ბის” ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი, ვლადიმირ იაკუნინი.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომპანიებს შორის, რომელთაც კანადამ სანქციები დაუწესა, მოხვდნენ „სუხოი”, „ტუპოლევი”, „სილოვიე მაშინი”, „სტროიგაზმონტაჟი”, „მიგი” და კიდევ ათამდე რუსულ საწარმო.

აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებში მოხვდა სამი პირი, რომელიც სამივე ქვეყნის „შავ სიაშია” – რუსეთის უშიშროების სამსახური გენერალი სერგეი სტანკევიჩი, რუსეთის უშიშროების ყირიმის სამმართველოსუფროსი რუსლან რომაშკინი და ყირიმის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი ანდრეი შეინი.

ოფიციალური ოტავის მიერ შემოღებული სანქციები კოორდინირებული იყო ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებითი სანქციები რუსეთთან ისედაც არასახარბიელო ურთიერთობას კიდევ უფრო გააფუჭებს და ქვეყნები, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, პასუხს აუცილებლად მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კომენტარშია ნათქვამი.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.