“ყიფიანმა რომ მითხრა, ფული გაიტანე და ჩადეო მაგას ვადასტურებ… შემდეგ დავინახე იარაღი მანქანაში“ – “ომეგა ჯგუფის” საქმეზე კომპანიის დირექტორი სასამართლო წესით გამოიკითხება

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე და გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვები გრძელდება. ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელებს ალექსანდრე ხაჩიშვილსა და დავით ფანქველაშვილს სასამართლო წესით გამოკითხავენ.

საქმე ეხება “თი ბი სი” ბანკიდან 4 მილიონი ლარის ხელზე გატანას, რომელშიც ხაჩიშვილი და ფანქველაშვილი უშუალოდ მონაწილეობდნენ.

სწორედ მათ სახელზე იყო დარეგისტრირებული კომპანია, რომლის ანგარიშზეც თავდაპირველად თანხა ჩაირიცხა. როგორც ხაჩიშვილი და მისი ადვოკატი აცხადებენ, ისინი მზად არიან ყველა კითხვას პასუხი გასცენ მათ შორის ისაუბრონ, მოხდა თუ არა კანონის დარღვევით ბანკიდან თანხის გატანა.

„თი ბი სი“ ბანკის ეპიზოდს ეხება. დაბარებული ვარ მაგ ეპიზოდზე, რომ უნდა მივაწოდო ამომწურავი ინფორმაცია. სასამართლოში უნდა მივცე ამომწურავი ინფორმაცია, რაში ვფიგურირებდი, როგორ გავიტანე ეს ფული, როგორ გადავეცი,“-ამბობს ხაჩიშვილი.

რაც შეეხება იარაღით მუქარასა და ყიფიანის მონაწილეობას. ხაჩიშვილი ადასტურებს, რომ მანქანაში სადაც ფული ჩადო იარაღი იდო, ფული კი ყიფიანის მოთხოვნით გაიტანა და ავტომობილში ჩადო.

„ეს იყო სიტყვიერი გაფრთხილება და შემდეგ დავინახე იარაღი მანქანაში. ლევან ყიფიანმა რომ მითხრა, ფული გაიტანე და ჩადეო მაგას ვადასტურებ,“-ამბობს ხაჩიშვილი.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ალექსანდრე ხაჩიშვილის ანგარიშზე ოფშორიდან მოხდა თანხის ჩარიცხვა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას თანხის გატანაში და დეტალურად ისაუბრებს „თი ბი სი“ ბანკიდან თანხის გამოტანის ეპიზოდზე.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას ოთხი მილიონის გადახდა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოსთხოვა. ოქუაშვილი ამბობს, რომ საქმეში ჩართული იყო, როგორც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.