„ყური ისე ააგლიჯა, ბავშვს სისხლი სდიოდა“

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:

„დღითიდღე გაუსაძლისი რომ ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამდენი უსამართლობის გამო, ამას ყოველდღე ვუყურებ და გაძლებაზე ვარ, მაგრამ ამას რომ თინეიჯერი წააწყდება, ნამდვილი ტრაგედიაა.
სკოლიდან მომავალ 12 წლის ბიჭებს ვიღაც დეგენერატი გადმოუხტა მანქანიდან და ყურები აუწია: აქ რატომ დგახართო. მეორე რომ გამოესარჩლა: აჰა, შენ ამისათვისო და ახლა მეორეს მოდგა თურმე. ყური ისე ააგლიჯა, ბავშვს სისხლი სდიოდა.

სკოლასთან ახლოს მოხდა, ამიტომ მასწავლებლებმაც გაიგეს ეს ამბავი. ბავშვს ყური დაუმუშავეს, გამოკითხეს, მაგრამ როგორ გგონიათ, რა ქნეს? – არაფერი. რადგან სკოლის გარეთ იყო, არ შეიხეს. თან სასწაული იყო თავად იმ მოძალადის შეფასება: ალბათ, გიჟი იყოო, მასწავლებელმა. ე.ი. “გიჟის” უნდა მეშინოდეს, ბავშვს კიდევ რომ არ დახვდეს ქუჩაში და უარესი არ დამართოს და ამაზე არ რეაგირებ?

როცა მამამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და წავიდა უბნის პოლიციაში (კოსტავაზე, საზმაუს გვერდით) დილის 10:30 საათიდან თითქმის 3 საათი აყურყუტეს ბავშვიანად – ჯერ გამომძიებელი არ მოსულიყო და მერე რომ შეიკეტნენ განყოფილების უფროსთან, ორი საათი პასუხიც ვერ მიიღეს, როდის გამოვიდოდნენ – არავინ იცოდა.

ყველაფერი ქონდათ: ფოტოც, მანქანის ნომერიც (ბავშვებს თავად გადაუღიათ მოძალადის მანქანის ნომერი, საკუთარი დასისხლიანებული ყურები), რის საფუძველზეც პოლიციამ უკვე იცოდა ვინაობაც, მისამართიც, მაგრამ რამდენიმე საათი უპასუხოდ ალოდინეს: დაელოდეთ, გამოვლენ!
მოკლედ, ასე გაურკვევლად წამოვიდნენ…

ამას ხომ უყურებენ ეს ბავშვები? რა უნდა ქნან, რა მოიმოქმედონ, როგორ დაიცვან თავი მსგავსი უსამართლობებისგან და გულგრილობებისგან?

მხოლოდ დანაშაული კი არაა პრობლემა ამ ქვეყანაში, ამ უსაქმური, არაპროფესიონალი, გულგრილი და უნამუსო პოლიციელების ყოლაა, რომელთაც მგონი ასეთ ტაქტიკა სპეციალურად აქვთ შემუშავებული – რომ დაიღალო, მოგბეზრდეს, აღარ გქონდეს მათი იმედი და აღარ გაიხედო მათკენ. რაც უფრო ცოტა ადამიანი მიმართავს, სტატისტიკა ექნებათ “იდეალური” და ისევ ქურდები დაიწყებენ საქმის გარჩევებს. პრინციპში, ასეცაა…“

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.