შავი ყუთი, რომელიც რევოლუციას მოახდენს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში

მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნოში, ერთი უბრალო, არაფრით გამორჩეული შავი ყუთი, რომელსაც „Espresso-ს“ უწოდებენ, თითქმის მზადაა ძალიან, ძალიან დიდი მისიის დასაწყებად: მთელი სამყაროს მასშტაბით ეძებოს პლანეტები და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები.

Espresso — სპექტროგრაფიული ინსტრუმენტის საკუთარი სახელია. აქვს ღარიბული იერსახე, რომლის მიღმაც მოწინავე ტექნოლოგიები იმალება: ეს გახლავთ ამ სახის ყველაზე ზუსტი ინსტრუმენტი, რაც კი ოდესმე აუგია კაცობრიობას, 10-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე მისი ყველაზე მძლავრი წინამორბედი.

ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში, ესპრესო მიმაგრდება ოთხ იმდენად დიდ ტელესკოპზე, რომ მეცნიერებმა მათ უბრალოდ უწოდეს ძალიან დიდი ტელესკოპი (Very Large Telescope ან VLT). ერთობლივად, ისინი ცაში მოძებნიან ეგზოპლანეტებს — მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს. მთავარი სამიზნე კი დედამიწის მსგავსი პლანეტები იქნება.ატაკამა განსაკუთრებით კარგი ადგილია ამ სახის კვლევებისთვის. წლის უმეტეს ნაწილში, ცა სრულიად მოწმენდილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ თავისი ტელესკოპის იქ განთავსება.

ამ ზონაში განთავსებულია მსოფლიოს მრავალი ძირითადი ტელესკოპი. როგორც მოსალოდნელია, 2020 წლისთვის, სწორედ ატაკამაში იქნება თავმოყრილი მსოფლიოს ასტრონომიული ინფრასტრუქტურის 70 პროცენტი.

Espresso აბრევიატურაა — კლდოვანი ეგზოპლანეტებისა და სტაბილური სპექტროგრაფიული დაკვირვებების ეშელის სპექტროგრაფი (Echelle Spectrograph for Rocky Exoplanet and Stable Spectroscopic Observations).

„Espresso ერთდროულად გამოიყენებს ოთხ ტელესკოპს; ეს კი რაღაც ისეთია, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შანსი გვაქვს ვიპოვოთ დედამიწის მასისა და ზომის პლანეტები, ანდაც სასიცოცხლო გარემო“, — ამბობს იტალიელი ასტრონომი გასპარე ლო კურტო.

მარტოობის ათი წელიწადი

ამ დროისთვის არსებულ ყველაზე ძლიერ სპექტროგრაფ HARPS-ს (მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარით პლანეტის მძებნელით) შეუძლია გაზომოს მხოლოდ დედამიწაზე გაცილებით დიდი პლანეტები, რომლებიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს.

HARPS-იც ატაკამაში მდებარეობს, ლა-სილიის ობსერვატორიაში, მაგრამ მიმაგრებულია VLT-ზე ბევრად სუსტ ტელესკოპზე.

ჩილელი ასტრონომი, როდრიგო ერერა კამუსი მას „დიდ შესაძლებლობას“ უწოდებს.

„Espresso დაგვეხმარება პასუხი გავცეთ ასტრონომიაში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს შეკითხვებს. შეისწავლის და გააანალიზებს მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს“, — უთხრა მან სააგენტო AFP-ს.

ახალი სპექტროგრაფი განთავსებულია მეტალის გიგანტურ ცილინდრში, რომლის შიგნით ტემპერატურა -150 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი დაბალი ტემპერატურა გადამწყვეტია დელიკატური ოპტიკური ინსტრუმენტის გამართულად მუშაობისათვის.

ის გასული წლის დასაწყისში დაამონტაჟეს VLT-ის საძირკვლის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ, განთავსებულია ზღვის დონიდან 2 600 მეტრზე, პარანალის მთაზე.Espresso ამჟამად ტესტირების ფაზაშია. მაგრამ ათ თვეში, მარტოსული სპექტროგრაფი ოფიციალურად დაიწყებს თავის უდიდეს მისიას კაცობრიობის ისტორიაში.

იმისათვის, რათა შენარჩუნდეს სიცივე და დაცული იყოს მისი ინსტრუმენტები, ასტრონომები Espresso მოათავსებენ და ჩაკეტავენ გიგანტურ მიწისქვეშა ოთახში, რომელში შეცვლაც სულ მცირე ათი წლის განმავლობაში, ძეხორციელს არ შეეძლება.


მომზადებულია AFP-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: