„შავ სალაროზე“ დამოკიდებული პაციენტის ბედი და დარღვევები სასწრაფო დახმარების ცენტრში

რა პრინციპით ანაწილებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პაციენტებს კლინიკებში? არსებობს თუ არა ე.წ. შავი სალაროები და პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა, რა წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში? – ფაქტები, შეფასებები და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციები.  

 

რა დარღვევებზე მიუთითებს აუდიტის სამსახური?

 

პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ იქმნება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილება. გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უახლესი მანძილის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც კლინიკის მიმღებ განყოფილებაში, პაციენტის ხარისხიანი მკურნალობისათვის საჭირო პირობები არ არის. ეს კი, პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. „ზემოაღნიშნული ფაქტორები გარდა ხარისხობრივი მნიშვნელობისა, სისტემის გაუმჭვირვალობის და რესურსების არამიზნობრივად გამოყენების რისკებს ქმნის“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

 

გარდა ამის, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ჯერ კიდევ არ დაუნერგავს გამოძახებების პრიორიტეტების განსაზღვრის დისპეტჩერიზაციის სისტემა. სისტემამ უნდა განსაზღვროს, რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტების გამოძახება. გამოძახების დაბალ პრიორიტეტად არასწორად განსაზღვრა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონსოლიდირებულ ბაზებს სამედიცინო დაწესებულებების ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას დაწესებულებებში არსებული მომსახურებების შესახებ.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 693 შემთხვევაში გულის და გულის არეში ტკივილის დიაგნოზისას პაციენტები ისეთ დაწესებულებებში გადაიყვანეს, რომელთაც ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგაში არ ჰქონდათ. ასევე 335 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში მოხდა, რაც ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის დაცვას ეწინააღმდეგება.

 

ეს აუდიტის სახელმწიფო სამსამსახურის დასკვნის ის ნაწილია, რომელიც თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეხება. აუდიტი 2014, 2015 და 2016 წლის პირველ ნახევარს მოიცავს.

 

აუდიტის დასკვნის გარდა, რომელიც ამ მიმართულებით სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს აღმოჩნდა, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საკითი ეჭვს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძვღანელებშიც იწვევს.

 

ბიზნესინტერესები?

 

პირველი საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორის დავით ოშხერელის განცხადებით, დღემდე გაურკვეველია თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს სასწრაფო პაციენტების ჰოსპიტალიზაციისას. რატომ მიჰყვავთ ხშირად თბილისის ერთი უბნიდან პაციენტი სულ სხვა უბანში, როდესაც კლინიკა მის საცხოვრებელთან ახლოსაც მდებარეობს. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ზეპირი ინსტრუქციებით ხდება. პაციენტებს სიტყვიერად ანაწილებენ, სწორედ ესაა ზეპირი ინსტრუქცია. მეც არ ვიცი ეს განწყობის მიხედვით ხდება? ერთმანეთში მოილაპარაკეს?“, – აღნიშნა ოშხერელმა „იმედთან“ საუბარში.

 

სასწრაფო დახმარების მიერ სუბიექტური წესით კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მიზეზის ახსნას კარდიოლოგიური კლინიკა „გულის დირექტორი შეეცადა. ანზორ მელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ თბილისში საავადმყოფოებს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის სახით ლობისტები ჰყავთ. მისივე თქმით, ზეწოლაა სასწრაფოზეც.

 

დგას თუ არა აუდიტის დასკვნაში ნახსენები გაუმართავი ჰოსპიტალიზაციაციის უკან კერძო ინტერესები? ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ სისტემაში პრობლემა დიდი ხანია არსებობს და საქმე პაციენტების განაწილების კორუფციულ სქემასთან მიდის. „ცნობილი ფაქტია ის, რომ არსებობს ე.წ. შავი სალაროები სადაც კონკრეტული ბრიგადები შესაბამის გასამრჯელოს იღებენ, რათა პაციენტი სწორედ კონკრეტულ კლინიკაში მიიყვანონ“, – აღნიშნავს სურგულაძე „იმედთან“ ინეტრვიუში.

 

ჰოსპიტალში მისული თითოეული პაციენტი კლინიკისთვის შემოსავალს ნიშნავს, ამიტომაც არსებობს კონკურენცია სამედიცინო დაწესებულებებს შორის და სურვილი რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიღონ. ჯანდაცვის ექსპერტი სწორედ ამ მოტივით ხსნის ვერსიას, რომ სასწრაფო დახმარებას კლინიკებში პაციენტები გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიჰყავს. „ეს პრობლემა საყოველტაო ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებიშ შემდგომ გაჩნდა“, – აცხადებს ვატო სურგულაძე.

 

რა პასუხი აქვთ ბრალდებებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში?

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კლინიკებთან გარიგებას უარყოფენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის საწინააღმდეგოდ ამბობენ, რომ პრობლემა პაციენტების თანაბრად გადანაწილების საკითხში არ არსებობს. ცენტრში ამბობენ, რომ 2014 წლის 1 იანვარს დამტკიცებული ჰოსპიტალიზაციის წესის მიხედვით ხელმძღვანელობენ რაც ტერიტორიული პრინციპის კლინიკებში არსებული სერვისების, პაციენტის სურვილის და რიგითობის გათვალისწინებას გულისხმობს.

 

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია აცხადებს, მსგავსი პრობლემა მათ სამსახურში არ დგას. გვარამიას განცხადებით, სიცრუეა თითქოს სასწრაფო დახმარების ცენტრი გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა კი სწორედ ამ კლინიკებში ხდება. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს მიზანმიმართულ კამპანიაა და გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს.

 

„ეს არის 2014-15 წლების აუდიტის დასკვნა. კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს და ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი. ანუ კლინიკების რაოდენობამ კლასტერებში იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემოც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების გაყვანას კლინიკებში, კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. არსებობს კერძო დაზღვევაში მყოფი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, შესაბამისად, ამ პაციენტებს გააჩნიათ მოთხოვნა, რომ ისინი იყვნენ გადაყვანილი კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში“, – ამბობს გვარამია.

 

მას შემდეგ რაც პაციენტთან მისული სასწრაფო დახმარების ჯგუფი მის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს ჰოსპიტალიზაციის მენეჯერს უკავშირდება. მენეჯერი პაციენტის ჩვენებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, თუ რომელ კლინიკაში უნდა მოთავსდეს, ტერიტორიულად რომელი საავადმყოფოა ყველაზე ახლოს. ასევე წესით უნდა განსაზღვროს, რომელი კლინიკის რიგია პაციენტის მიღების კუთხით, თუმცა ამ რიგითობის ელექტრონული სისტემა სასწრაფო დახმარების ცენტრში ჯერ დანერგილი არ არის.

 

რას ამბობს მინისტრი? 

 

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აუდიტის სამსახურის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება.„ზოგიერთ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს ნამდვილად სასწრაფო დახმარების პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან. ამოსავალი წერტილი არის პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი, ერთი არის ტერიტორიული, მეორე არის იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთრებით წლევანდელი წელის დასაწყისიდან ეს სქმეები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ შემოვიდა ახალი ვალდებულება, რომ კლინიკას, ვისაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არა აქვს მათთან სასწრაფო დახმარება არ მიიყვანს პაციენტებს და ეს ასეც ხდება. შეიძლება ეს სიახლე გარკვეულად გახდა ზოგიერთი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი, -განმარტავს დავით სერგეენკო.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: