შეკიდული ჭერი მეტროსადგურებში აღარ დამონტაჟდება – 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური დირექტორის ინფორმაციით, 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება. ლევან მეხრიშვილის განცხადებით, „ვარკეთილში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი გამკაცრდება და შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ გაკეთდება.

„ძველ საკიდებზე, როგორც ეს „ვარკეთილის“ შემთხვევაში მოხდა, შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. მაშინაც, როდესაც მეტრო „ვარკეთილს“ ვაკეთებდით, შემოწმდა, რამდენად მყარი იყო ის ანკერები ახალი ჭერისთვის. მიღებული გვაქვს დასკვნა, რომ ის ვარგისია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელა. დასკვნა მიღებული გვაქვს მეცნიერებათა დოქტორ, ინჟინერ-კონსტრუქტორისგან. შემოწმება გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების თანდასწრებით და ამით დავკმაყოფილდით, რომ ეს საკიდები მყარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული კომპანია“, – განაცხადა მეხრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: „სამგორის“, „გურამიშვილის“ და „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „სადგურის მოედანი 3“, „ნაძალადევი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „წერეთელი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.