შეჩერებული სამშენებლო ობიექტების გასაიდუმლოებული ნუსხა და დეველოპერების შეფასებები

სამშენებლო ნორმების იგნორირების გამო, თბილისში 120 ობიექტის მშენებლობა შეჩერდა. სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება 500 ობიექტს მიეცა, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი. თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაასაჯაროვა.

„კომერსანტმა“ თბილისის მერიას მიმართა, რათა იმ შეჩერებული სამშენებლო ობიექტების სია მოეწოდებინა, რომელზეც დღეს მერმა ისაუბრა. თუმცა, უწყებაში გვითხრეს, რომ კონკრეტული კომპანიებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.„კომერსანტი აგრძელებს თემაზე მუშაობას და იმ სამშენებლო კომპანიების გარკვევას, რომელთა მშენებლობებიც სამშენებლო ნორმების იგნორირების გამო თბილისის მერიამ შეაჩერა.

მანამდე კი, როგორ აფასებს სამშენებლო ბიზნესი თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სამშენებლო სფეროში გამკაცრებულ რეგულაციებს. 

სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი  დირექტორი, თორნიკე აბულაძე ეხმაურება და ამ ციფრს საკმაოდ მასშტაბურს უწოდებს. მისი შეფასებით, თბილისში დაახლოებით  1000-2000 ობიექტია მშენებარე. ამის გათვალისწინებით კი,  გამოდის, რომ  დაახლოებით 5-10 პროცენტამდე შეჩერებულია.

აბულაძე განმარტავს, რომ ეს მაჩვენებელი 0.5  პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მისი განცხადებით, მენაშენეებისთვის  ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა, სხვანაირად პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება.

„მერიის მხრიდან დაწყებული პროცესი სწორია. აქამდე არ ხდებოდა ამისი მკაცრი ადმინისტრირება, ახლა კი დაიწყო. იმისთვის, რომ ეს დარეგულირდეს,დაცული  უნდა იყოს სამშენებლო ნორმები, განსაკუთრებული აქცენტი  კი  შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე  უნდა გაკეთდეს.  დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში ის კომპანიები, რომელთა მშენებლობები დღეს შეაჩერეს, აღმოფხვრიან პრობლემებს და სტანდარტების დაცვით მუშაობაზე გადავლენ“, – აცხადებს აბულაძე.

პროცესს სწორს უწოდებს „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილიც,თუმცა, აცხადებს, რომ მსგავსი  კონტროლი მთავრობამ  სხვა სფეროებშიც უნდა დაიწყოს.  „ქუჩაში ზოგი ისეთი მანქანა დადის, რომელიც არანაირ ტექნიკურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, დარღვევები ყველა სფეროში იქნება. თუმცა, აქცენტი დღეს მშენებლობაზე კეთდება. რატომღაც მშენებლობა უნდათ, რომ ევროპული ხარისხის იყოს. მომხრე ვარ, რომ სექტორში ნორმები   გამკაცრდეს, თუმცა, ასევე მომხრე ვარ, რომ ყველა დარგში წესრიგი იყოს“-აცხადებს როსტომაშვილი.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. კითხვაზე, არის თუ არა  თბილისის მერიის მიერ მიღებული ეს გადაწყეტილება არაპოპულარული, აღნიშნავს, რომ არის, თუმცა, აუცილებელია.

„ქვეითების დაჯარიმება ხომ არაპოპულარული იქნება, თუმცა, ხომ  საჭიროა? მანქანიდან ნაგავს რომ ყრიან და ჯარიმა იყოს, არავის გაუხარდება, მაგრამ, საჭიროა“, – აცხადებს როსტომაშვილი. მისი განცხადებით, დეველოპმენტში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ეს აუცილებლად გასაწევი ხარჯია“, – განმარტავს როსტომაშვილი.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.