„ჩვენ ვკარგავთ საქართველოს…“ – განგაში დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი შიშობს, რომ დასავლეთი საქართველოს კარგას. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საჭიროა აქტიური მოქმედება საქართველოს უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში მისაღებად, რასაც ქართველი პოლიტიკური ექსპერტებიც ეთანხმებიან, თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ თვლიან ევროპაში, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ სულ უფრო მეტად ექცევა.

„ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო სწრაფად მივიღოთ დასავლეთის უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში, რადგან საქართველო გვშორდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთისა და ჩინეთის სულ უფრო მზარდ დიდ გავლენას, ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას, საჯარო ინსტიტუციების დეგრადაციას, ძალადობრივ დაპირისპირებებს საერთაშორისო კონფერენციებზე“, – ამბობს ლუკასი.

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ დასავლელი ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებს ადრეც აკეთებდნენ და ეს პირველი შემთხვევა არაა:

„როგორც იქნა, დასავლეთმა რუსეთის სახე (რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდეგ) დაინახა. ამ ფონზე წამოიწია საქართველოს თემამ. 2008 წლის შედეგ საქართველოს მიმართ  დაგვიანებული გულშემატკივრობის გამო გულნატკენი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის დასავლეთის გარდა სხვა გზა არ არის.

„მათი მხრიდან ეს ფორმულა პირველი არ არის. ამბობენ, რომ დასავლეთის გულგრილობა საქართველოს მიმართ შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისთვის ხელ-ფეხის გამხსნელი. უფრო თავიანთ საყურადღებოდ ამბობენ ამას. 

ეს ხაზი დასავლეთის პოლიტიკურ რიტორიკაში ახალი არაა და ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. მათ ნახეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მსგავსი  ერთგული დამცველი დასავლური კურისისა არც ერთი ქვეყანა არ იყო“, – განმარტავს საყვარელიძე.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ პროდასალური გეზის შესუსტება ამჟამად არ იგრძნობა, თუმცა დროა, რომ დასავლეთმა რეალური ნაბიჯების გადადგმაზე იზრუნოს:

ბატონი ლუკასის საქმიანობას ვიცნობ და მიკვირს, რატომ არის შეშინებული. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,  საქართველოს არაფერი ეტყობა, რომ იგი დასავლეთისთვის იკარგება. თუმცა, საკითხის  დაყენება ისე, რომ დასავლეთი აქტიური უნდა იყოს თავის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხში, ეს აბსოლუტურად სწორი და ობიქეტურია.

დასავლეთის მიერ აქამდე დაშვებული რამდენიმე შეცდომა საქართველოს ძვირად დაუჯდა. სერიოზული მოქმედებაა საჭირო. ბუნებრივია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესი უნდა იყოს უფრო სწრაფი; საქართველომ, როგორც მინიმუმ, უნდა მიიღოს მაპ-ი, თუმცა არც ის მეჩვენება არარეალურად, თუკი საქართველო პირდაპირ გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, – ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

საყვარელიძის თქმით, დასავლეთთან კონტაქტი ამჟამად აქტიურია, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არც საქართველო9ს აძლევს ხელს:

„საქართველოს (დასავლეთის მხრიდან) არ აკლია შეთავაზებები. მაგრამ მაპ-ის მოცემა ან შემდეგი რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ა.შ. შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც. ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში სხვა შანსი ნატო-ს წევრობისა არ არის, გარდა იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ დაზარალდება. 

ჩვენ თვითონ არ გვაწყობს ნაჩქარები ვარიანტი. გვაწყობს, რომ დასავლეთს ვეგულებოდეთ მათ გვერდით მდგომ ქვეყნად. ამის ერთერთი გამოხატულება ანაკლიის პორტზე გაკეთებული აქცენტია, ხოლო ნატო-ს საზღვარს მაშინ გადავაბიჯოთ, როდესაც ეს უმტკივნეულო იქნება ყველასთვის და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. დღეს ასეთი უმტკივნეულო გაწევრიანება ნასტო-ში პრაქტიკულად შეუძლებელია“, – თვლის რამაზ საყვარელიძე.

ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ სცენარის სხვაგვარად განვითარება დასავლეთის პოზიციების შესუსტების ტოლფასი იქნება:

„შეიძლება, რომ ისინი რამეს ხედავენ (საქართველოს პოლიტ.ორიენტაციაში) და ამჩნევენ, ეს არ არის გამორიცხული. ჩემი და მათი შეფასება შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ დასავლეთის განცხადება რეალობის ობიექტურად შეფასებაა. რუსეთი იქნევა  მეტისმეტად აგრესიულად. რაც დრო გავა, მისი მოქმედება სულ უფრო შემტევი და აგრესიული გახდება. 

„არსებობს უამრავი გაურკვეველი რამ დასავლეთის პოლიტიკასა და იქაურ პოლიტიკურ სამზარეულოში. უამრავი შეკითხვაა, რომელიც ამერიკასაც აქვს, ევროპასაც და ა.შ., მაგრამ ეს უნდა იყოს დაძლეული, რადგან ჩვენს რეგიონში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით დასავლეთმა არ დაკარგოს თავის პოზიციები და კონკრეტულად კეთილგანწყობილი მოკავშირე, რომელიც დასავლეთთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების სფეროში“, – დასძენს მენაღარიშვილი.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.