“ჩვენ შიმშილით მომაკვდავი ბავშვების ქვეყანაში ვცხოვრობთ”

„შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში“.

კარლო კაჭარავა

 2013 წელი იყო. გასაოცარი ოთხი წლისთვის ვემზადებოდით. გაერომ კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში 77000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და კვებისთვის დღეში საშუალოდ 2 ლარს მოიხმარს. კვლევამ გვითხრა, რომ საქართველოში, ჩვენს გარშემო 77000 ბავშვი მშიერია. ჩვენ მათ ვიცნობთ, ვხვდებით, ვესალმებით, ან ვაიგნორებთ, მაგრამ ისინი აქ არიან, ჩვენს გვერდით. მათ შიათ.

მას შემდეგ 6 წელი გავიდა. გაეროს ახალი კვლევა აღარ გამოუქვეყნებია, სტატისტიკური მონაცემები ჩემთვის უცნობია, მაგრამ შიმშილი არსად წასულა. აპოკალიფსის მესამე მხედარი, თავის შავ ცხენზე შემომჯდარა და საქართველოში დაიარება, ბოროტი დონ კიხოტივით, ბავშვებს ებრძვის და გაჭირვებულებს არა სალათა შუბით, ან სამოს შუბით, არამედ შიმშილის ბასრი და ცივი შუბით უსწორდება. ჩვენ კი, კორიდის მაყურებლები, ჯერ ვინუსხებით სანახაობით, შემდეგ რიგ მომენტებში ვშფოთდებით, კულმინაციისას ვნერვიულობთ კიდეც და როცა შიმშილის მხედარი გამარჯვებული ტორეადორივით ჩამოივლის ტრიბუნებთან – “ოლეე”-ს ვყვირივართ, ტაშს ვუკრავთ და ვესალმებით, ოღონდაც ჩვენამდე არ მოვიდეს, თავისთვის იყოს, სხვისი ჭირი სხვისადვე დარჩეს.

იცით, როდის ინგრევა ადამიანი? როცა მისი კერპები ემხობიან. როცა ხვდება, რომ წყარო, რომელსაც ეძებს, არა უკვდავების, არამედ სიკვდილისაა, ოლიმპო – ნარაიამაა, დაფნის გვირგვინი კი – ყულფი. ასე გავნადგურდი, როცა ჩემი ბავშვობის კუმირმა მეოთხედ მთხოვა ფულის სესხება უკიდურესი გაჭირვების გამო, მე კი პასუხი არ გავეცი, ვითომ არც მინახავს მისი მონაწერი. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მე ის მიყვარდა, მთელი მისი შემოქმედებით, ის ხშირად იყო ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივის ავტორი. როცა გავიცანი, მახსოვს, როგორ მიცემდა გული და როგორ ვღელავდი. როცა პირველად მომწერა, მეგობრებსაც კი გავუზიარე, ნახეთ, ნახეთ-მეთქი. როცა პირველად მთხოვა ფულის სესხება, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ, ცხადია, მივეცი. სამჯერ გამეორდა ასე. მეოთხედ კი, უბრალოდ ვეღარ შევძელი განზრახ ამერჩია კუმირის ხატების განადგურებასა და კუმირის რეალურ განადგურებას შორის და ჩემდაუნებურად ეს უკანასკნელი ავირჩიე. განა მის შემოქმედებას რამე აკლდება იმით, რომ უჭირს, მაგრამ მე კი დამაკლდა – რწმენა. როდესაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელშიც საუკეთესოთა ადგილი მშიერ ბინებშია, რატომ უნდა ეცადო, გახდე საუკეთესო? როცა შენი საყვარელი მწერლები, შენი აზრით რომ გენიოსები იყვნენ, შიმშილსა და გაჭირვებაში იხოცებოდნენ, რატომ უნდა ეცადო, გახდე გენიოსი? როცა შენი საყვარელი მუსიკოსები, ვის სიმღერებსაც პირველი კოცნისას გულში ღიღინებდი და ვინც შენს ყველა ემოციას აფორმებდნენ მუსიკალურად, ქუჩის კუთხეში ჭიქა არაყზე სულს ჰყიდიან, ანდა საავადმყოფოს მიგდებულ პალატაში მარტოსულად ასრულებენ სიცოცხლეს, რატომ უნდა ეცადო გახდე ვინმეს საყვარელი მუსიკოსი? ერთადერთი რაც გადაგარჩენს, დამალვაა. უნდა დაიმალო, არავინ იყო, მრავალსახა ღმერთის ქურუმი გახდე და საკუთარი ვინაობა დაივიწყო, იქნებ ასეთ შემთხვევაში ვერ მოგაგნოს შიმშილის მხედარმა, იქნებ ასეთ შემთხვევაში გქონდეს პური და არ მოკვდე, იქნებ ასეთ შემთხვევაში მაინც მიაღწიო ბოლომდე და ამ ყველაფრის შემყურემ შეძლო და თავად მოიკლა თავი..

 ხანდახან არ მესმის, უბრალოდ არ მესმის ადამიანებისა, ვინც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ნებისმიერიკურ პრიორიტეტებში პირველ ადგილზე რაიმე სხვას აყენებენ და არა სიღარიბეს. მასლოუს პირამიდაშიც კი მკაფიოდ ჩანს, რომ პირველი, რაზეც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მისი მოქალაქეების სასიცოცხლო პირობებია, პირველი რაც ჩვენი არსობისა არს – პურია. პური, რომელიც 77000 ბავშვს არ აქვს. დიახ, არა ფეხბურთი, არა თეატრი, არა ნებისმიერი სხვა რამ, არც რელიგია, არც ოკუპაცია, არც წართმეული ტერიტორიები, საერთოდ არაფერია მშიერი ბავშვების ცრემლების ფასი, არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი. თუ ამას ვერ ვხვდებით – ე.ი. არასოდეს ჩაგვიხედავს აპოკალიფსის მესამე მხედრის თვალებში.

 ის ერთი ხანობა ჩემს სახლში ცხოვრობდა, მე ვიცნობ მის მზერას, ცივს, ცარიელს, მჟავეს. რაღაც დროის შემდეგ მისი მზერა გაშეშებს და გაუსაძლისად გატკიებს თავს.

 „– თოვლის ბაბუას რა უნდა სთხოვოთ?

– იმდენი პროდუქტი მოგვიტანოს, რომ ყველას გვეყოს და რომ არ გვშიოდეს“.

 ეს ერთი შარშანდელი სტატიიდანაა ამონარიდი. სტატიაში ჟურნალისტი ერთი გაჭირვებული ოჯახის შესახებ გვიყვებოდა, რომელთაც არ ჰქონდათ ჭერი და პური. გაიცანით ბავშვები, რომლებიც სათამაშოების, წიგნებისა თუ ჯადოსნური ნივთების ნაცვლად ფქვილზე, მაკარონზე და მაწონზე ოცნებობენ. ეს ჩემი და თქვენი რეალობაა, მეგობრებო. არ მოგატყუოთ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში გამოფენილმა ბანერებმა და ტურისტულმა პუნქტებმა, არც დიდებულმა კაფე-ბარებმა და კლუბებმა, არ მოგატყუოთ შეღებილმა ფასადებმა და მათი მიღმიდან გამომავალმა მხიარულმა მუსიკამ, ჩვენ შიმშილით მომაკვდავი ბავშვების ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამარცხვინოა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.