ჩინეთის ხომალდს მთვარის „ბნელ მხარეს“ ახალი საიდუმლოება დახვდა (ფოტოკოლაჟი)

რამდენიმე თვის წინ ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილმა ხომალდმა „ჩანე 4-მა“ შესაძლოა, მთვარის „ბნელი მხარის“ საიდუმლო ამოხსნა. „ჩანე 4“ პირველი ხომალდია, რომელიც მთვარის „ბნელ მხარეს“ დაჯდა და ინფორმაცია შეაგროვა მზის სისტემის უდიდესი კრატერის შესახებ. შედეგად, უფრო ნათელი ხდება, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა მთვარე.

მსგავსი: ისტორიული მისია შედგა – ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდი დასვა

1970-იან წლებში გაჩნდა თეორია, რომლის მიხედვითაც, ახლად დაბადებული მთვარის ზედაპირი მაგმის ოკეანით იყო დაფარული. მას შემდეგ, რაც მდნარი ოკეანე დამშვიდდა და გაცივდა, მსუბუქი მინერალები ზემოთ მოექცა, მძიმე კომპონენტები კი ჩაიძირა. ზედა ნაწილი ბაზალტად გაქვავდა და გარს შემოეკრა მკვრივი მინერალების მანტიას, რომელშიც შედიოდა ოლივინი და პიროქსენი.

დროთა განმავლობაში მთვარის ზედაპირს ასტეროიდები და სხვადასხვა კოსმოსური ნარჩენები ეცემოდა, რის შედეგადაც, გაქვავებული ზედაპირი დასკდა და მაღლა ამოიყარა მანტიის ნამსხვრევები.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევრის, ლი ჩუნლაის განცხადებით, მთვარის მანტიის შემადგენლობის განსაზღვრა გადამწყვეტია იმის გასარკვევად, მართლაც არსებობდა თუ არა იქ ოდესღაც მაგმის ოკეანე. ასევე დაიხვეწება ჩვენი წარმოდგენა მთვარის თერმული და მაგმური ევოლუციის შესახებ.

ლის განცხადებით, მთვარის ევოლუცია შეიძლება ფანჯარას გაგვიხსნიდეს დედამიწისა და სხვა კლდოვანი პლანეტების ევოლუციის გასარკვევად, რადგან მისი ზედაპირი შედარებით ხელუხლებელია და ერთგვარად წარმოადგენს ადრეული დედამიწის ზედაპირის მსგავსს.

მსგავსი: მთვარე შესაძლოა, დედამიწის მაგმის ოკეანის კოსმოსში გატყორცნის შედეგად გაჩნდა – ახალი კვლევა

ხომალდი „ჩანე 4“ მთვარის სამხრეთ პოლუსის აიტკენის აუზში დაჯდა, რომელიც 2500 კილომეტრზეა გადაჭიმული. შეაგროვა სპექტრული მონაცემები და სხვა ნიმუშები აუზში არსებულ ღრმა დარტყმითი კრატერების შესახებ.

მკვლევრები ელოდებოდნენ, რომ აუზში იპოვიდნენ მანტიიდან დარტყმების შედეგად ამოყრილ ნივთიერებებს, რომლებიც მრავალ ახალ ცნობას მიაწვდიდა მთვარის ქერქის წარსულის შესახებ. თუმცა, მათ სულ სხვა რამ იპოვეს — მინერალ ოლივინის კვალი, რომელიც დედამიწის ზედა მანტიის ძირითადი კომპონენტია.

როგორც ლი აღნიშნავს, სამხრეთ პოლუსის აიტკენის აუზის წიაღში ოლივინის სიუხვე ნამდვილი თავსატეხია.

როგორც ჩანს, უფრო მეტი ოლივინია ღრმა დარტყმების ნიმუშებში. ლის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მანტია შედგება ოლივინისა და პიროქსენის თანაბარი წილისგან ისე, რომ არ დომინირებს არც ერთი მათგანი.

მთვარის ამ ზონის უკეთ შესასწავლად ჩანე 4-ს“ უფრო მეტი კვლევა სჭირდება; ასევე საჭიროა მეტი სპექტრული მონაცემის შეგროვება თავდაპირველი აღმოჩენების დასადასტურებლად და მთვარის მანტიის შემადგენლობის სრულად გასარკვევად.

მომზადებულია cas.cn-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.