ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს მისამართით – გიორგი ვაშაძე

საქართველოში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა. ეს ფაქტი დღეს გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია,  თითქმის წელიწადნახევრია საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ვაკანტურია.    

როგორ აფასებს აშშ-ს გადაწყვეტილებას  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძე და რა მოლოდინები აქვს  კელი დენიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით:

— ბატონო გიორგი, გუშინ ქვეყნის მმართველი ძალის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა და სამთავრობო ცვლილებებიც უკვე ცნობილია, დღეს კი ამერიკის ელჩი დაინიშნა საქართველოში – როგორ შეაფასებთ ამ მოცემულობას?

— პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი იყოს წარმოდგენილი. მეორე ფაქტორია ის, რომ რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე – ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს მისამართით.  ელჩის დანიშვნაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ესე იგი, ამერიკა აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რეგიონში და მათ შორის საქართველოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული განვითარების პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები და ამერიკისთვის მსგავსი არაფორმალური მმართველობა აბსოლუტურად მიუღებელია. ისინიც, ჩვენს მსგავსად, საქართველოს პარტნიორ ქვეყნად მოიაზრებენ. სწორედ ამ ახალ პოლიტიკას, სტრატეგიას და მკვეთრ პოზიციონირებას საქართველოში უკავშირდება ელჩის დანიშვნას.

გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას პარალელურად რომ ამერიკის მხრიდან ახალი გადაწყვეტილება მოჰყვა, ამ ფაქტს ვაშაძე კონკრეტული მიზეზით ხსნის: 

— ვფიქრობ, რომ „ოცნებასაც“ ჰქონდა ელჩის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია და ამერიკას დაასწრო სამთავრობო ცვლილებები, რადგან შემდეგ შეიძლება მმართველი ძალისთვის უფრო რთული ყოფილიყო. ზოგადად გახარიას წარდგენა ორი ფაქტორითაა გამოწვეული: ელექტორალური შიში, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ ექნება მხარდაჭერა და საარჩევნო კამპანია (საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად) ძალისმიერ მეთოდებზე უნდა ააგოს. და კიდევ ერთი ფაქტორი, ივანიშვილმა დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და  ესაა გარკვეულწილად უფრო ღია გზავნილი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ აშშ-ს ელჩის დანიშვნის საკითხიც და ამაში თავად დარწმუნდებით ნოემბერში ყველაზე გვიან, შეიძლება ოქტომბერშიც. ამერიკის მხრიდან იქნება  ძალიან მკვეთრი განცხადებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

— რა როლს იქონიებს აშშ-ს ელჩის საქართევლოში ყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

– ალბათ,  ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს სამართლიანი და კანონიერი არჩევნების ჩატარების გზით, რომ მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება ქვეყანაში.

— როგორ ახსნით იმ გარემოებას, რომ ქვეყანას ერთი წელზე მეტხანს არ ჰყავდა აშშ-ს ელჩი?

— ეს იყო ბევრი გარემოებით გამოწვეული, მათ შორის აშშ-ში არსებული პროცესებისა და დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებული გაჭიანურებული გადაწყვეტილებებით, მაგრამ დღეს შემიძლია ცალსახად აღვნიშნო, რომ  ჩემი ინფორმაციით სწორედ აშშ-ში ზუსტად აქვთ წარმოდგენილი უკვე ის პრობლემები, თუ რა მოიტანა აქტიური საელჩოს არ ყოფნამ ქვეყანაში. ფაქტია, გვაქვს დაღმასვლა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით, — განმარტავს გიორიგ ვაშაძე. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დღეს  წარადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. წარდგენილი ელჩის კანდიდატურას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

 თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

 დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

სალომე ლემოჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.