“ძალის გამოყენება ძალიან ცუდია, ეს არის ნაბიჯი უკან დემოკრატიის გზაზე“- კენეტ იალოვიცი

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი.

მისი განცხადებით, ხალხს აქვს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მეთოდებით გააპროტესტონ ის მოვლენები რაც მათი აზრით არასამართლიანია ქვეყანაში.

„მთლიანად ვემხრობი ამერიკის საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე“ ,- აცხადებს იალოვიცი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ყოფილი ელჩის თქმით, საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯებს უკან დგამს. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემას შესაძლოა გამოწვევების ჰქონდეს იმ კუთხით, რომ პარლამენტში ბევრ პატარა პარტიას შეუძლია მოხვდეს, თუმცა ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ერთპიროვნულად ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში რომელიმე პარტია. იალოვიცი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხალხი სწორედ ქართული ოცნების მიერ ჩავარდნილ საკანონმდებლო ცვლილებას აპროტესტებს.

„რასაც ახლა მე ვუყურებ, ძალის გამოყენებას, ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნაბიჯი უკან“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.