წელს ქვეყანამ 4 მილიარდი დოლარის ვალი უნდა გაისტუმროს – ლარს კოშმარი ელის!

“მნიშვნელობა არ აქვს, ვალი სახელმწიფოს აქვს თუ კერძო სექტორს, ის საფრთხეს ლარისთვის ნებისმიერ სიტუაციაში წარმოადგენს”

საგარეო ვალი იმდენად გაიზარდა, რომ მისი გასტუმრების სიმძიმეს ვეღარც ქვეყანა და ვეღარც ეროვნული ვალუტა უძლებს. სწორედ ვალებში იფლანგება ფინანსური სტაბილურობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წელს, როდესაც წლის ბოლომდე 4 მლრდ დოლარია გასასტუმრებელი. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას აყენებს და გამორიცხული არ არის, რომ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდეს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეამსუბუქოს, ინვესტიციების ზრდაა და ეს პროცესი თუკი მომავალშიც გაგრძელდება, საგარეო ვალის მომსახურების სიმძიმეს ქვეყანა შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს ეტაპი, სპეციალისტების პროგნოზით, სავალუტო რყევები ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. 

როგორც საგარეო ვალის გადახდის გრაფიკიდან ჩანს, 2019 წელს ვალების გასტუმრების პიკია საქართველოსთვის. მარტო პირველ კვარტალში დაფარულია 991,9 მლნ დოლარი, რამაც მეორე კვარტალში პიკს მაიღწია და 1,030 მლრდ დოლარი შეადგინა. მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 980 მლნ-ს შეადგენს და ცოტა ნაკლებია წლის ბოლოს – 899 მლნ დოლარი. ჯამში, კერძო სექტორის ვალი 2,8 მლრდ-ზე მეტია. 

შედარებით უკეთესი ვითარებაა გაისად, როდესაც  გასასტუმრებელია 2,5 მლრდ დოლარამდე. ეს გვაფიქრებს, რომ მომავალში ლარს უკეთესი პერსპექტივა ექნება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ დამატებით ახალ სესხებს არ აიღებენ. 

საგარეო ვალის აშკარად ცუდ ტენდენციას სპეციალისტები ნაწილი მთავრობის უპასუხისმგებლობით ხსნის. ფინანსისტების შეფასებით, ვალდებულებების მომსახურება ლარს საგრძნობლად აუფასურებს, მით უმეტეს, როცა ინვესტიციები არ შემოდის და იმპორტზე დამოკიდებულებაც მატულობს.

ამ თვალსაზრისით, ვალის ზრდას (იქნება ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის ვალდებულება) ფინანსისტი ვახტანგ ჭარაია ლარის სტაბილურობისთვის ნეგატიურ ფაქტორად განიხილავს, თუმცა მიიჩნევს რომ ქართულ ეკონომიკაში არის მისი დამაბალანსებელი ფაქტორებიც, მაგალითად: შემოსავლები ტურიზმიდან, ფულადი გზავნილები, უცხოური ინვესტიციები, ექსპოერტის ზრდა და ა.შ.

“იოლი ნამდვილად არ არის, როცა ერთ წელიწადში 4 მლრდ დოლარის ვალი გვაქვს გასასტუმრებელი, ეს ძალიან დიდი თანხაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს დიდწილად კერძო სექტორის ვალია, რომელსაც მთავრობა ვერ შეზღუდავს. უფრო მეტიც ეს საზოგადიების დაკვეთაა, სწორედ ისინი არიან ამ იმპორტის უფიდესი მომხმარებლები. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს რომ საგარეო ვალისაგან განსხვავებით, ლარს ყავს მეგობრებიც, ანუ ფაქტორები რომელიც მის გამყარებაზე მუშაობენ, ასეთებია: მზარდი შემოსავლები ტურიზმიდან, მზარდი ფულადი გზავნილები, მზარდი ექსპორტი და ა.შ. ლარის კურს ამ პოზიტიური და უარყოფითი გაველენების ერთობლიობა ქმნის და არა მხოლოდ საგარეო ვალი “, – აცხადებს “ბიზნეს-რეზონანსთან” ფინანსისტი.

“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით, საგარეო ვალის გასტუმრების სიმძიმე ლარზე უარყოფით გავლენას აუცილებლად მოახდენს და სავალუტო რყევაც გაგრძელდება. 

,,ვალის დაბრუნება, რომელიც უწევს საქართველოს, ცხადია, დაარტყამს ლარის კურსს, ამ ფაქტორს ქვეყანა ვერ გაექცევა. ჩემი აზრით, სავალუტო რყევა გაგრძელდება. ვფიქრობ, სწორი პოლიტიკა კურსზე უარყოფით გავლენას არ გამოიწვევს, მაგრამ მცირე შეცდომაც საკმარისია, რომ დადგეს ისეთი შედეგი, როგორიც წინა წელს იყო, როცა სავალუტო ცვლილებით ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. 

მდგომარეობის გაუმჯობესებას ნამდვილად არ ველოდები, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ სებ-მა არ გადადგას არასწორიო ნაბიჯი, რაც კურსს დააზარალებს, მაგრამ ამ უწყების ქმედებებში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ”, – აცხადებს შეშელიძე. 

მისი თქმით, მიუღებელია, რომ ქვეყანა ვალს თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ან სხვა მიზნით იღებს, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით წლების შემდეგ, როცა არსებული ხელისუფლების ვალდებულებების გასტუმრება სხვებს მოუწევთ.

“რასაკვირველია ვალის ზრდა კარგი არ არის და ეს მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს. როგორც ჩანს, არხეინად იღებენ გადაწყვეტილებებს და ახალი ვალდებულებების აღება სულაც არ აშინებთ. შესაძლოა იმიტომაც, რომ ვალის გასტუმრება დღევანდელი მთავრობის საქმე ნამდვილად აღარ იქნება. წავა ეს მთავრობაც და მათ მიერ დღეს აღებული ვალი, რამდენიმე წლის შემდეგ სხვისი გასასტუმრებელი გახდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რის გამოც პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ სესხის აღება ქვეყნის სახელით, რადგან იციან, რომ გასტუმრების უშუალო პასუხისმგებლობა მათ არ აკისრიათ. მესმის, ჯერ კიდევ გვაქვს ლიმიტი, მაგრამ არ არის აუცილებლობა, ზღვარს მიუახლოვდე”, – აცხადებს “ბიზნეს-რეზონანსთან” შეშელიძე.

მარი ჩიტაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.