ხაბეიშვილის ცემა VS წულუკიანი-იზორიას სკანდალი – გადაფარვა, პოლიტიკური ისტერია, თუ დაპირისპირების ესკალაცია?

თბილისის საკრებულოს წევრს,  „ნაციონალ“ ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ დეპუტატმა ჯერ თავში წამოარტყა, მერე კი თანაპარტიელებთან ერთად სცემა.  ეს ხდება იმ დღეს, როცა ხელისუფლება უკვე გახლართულია სერიოზულ სკანდალში – თავის ექსმინისტრ ლევან იზორიასა და მოქმედ მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით.

ერთი მინისტრის ძმას გამოუქვეყნეს ვიდეოკადრები, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ის პოლიციელს აყენებს შეურაცხყოფას. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კიტა იზორიას პოლიციელი აკავებს, ხელბორკილებს ადებს, მაგრამ მალე დაკავებულს შს მინისტრის მოადგილე ძმა ევლინება მფარველად, ანუ „ზემოდან ჩარევის“  შემდეგ, მას  ხელბორკილები ახსნეს  და გაათავისუფლეს.

მთელი დღე ოპოზიციური სპექტრი ამ დანაშაულებრივ ფაქტს აპროტესტებდა, საქმის აღძვრას ითხოვდა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკობდა.

მეორე მინისტრმა კი, ჯერ ვიდოკადრები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს გამოუქვეყნა, როცა ის ციხეში პატიმართან სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების მიზნით იყო შესული, შემდეგ კი თავად სახალხო დამცველს ციხეში მონახულებული პატიმრების ვინაობა გაუსაჯაროვა.  ამით  წულუკიანმა და მისმა უწყებამ სახალხო დამცველის საქმიანობის კონფიდენციალურობის პირობა დაარღვია.

შედეგად, ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

რა მოხდა სინამდვილეში?  „ოცნებამ“ „ნაციონალ“  ხაბეიშვილის ცემით სკანდალში გახვეული წულუკიანი-იზორიას ამბები გადაფარა,  თუ, უბრალოდ, აგონიაშია და  საკუთარი ქცევის გაკონტროლება აღარ შეუძლია? დღეს სოცქსელებისა და პოლიტიკური წრეების განხილვის მთავარი თემა სწორედ ეს კითხვებია.

„მგონია, ხაბეიშვილის ამბავი სპეციალურად დაიგეგმა, რომ მთელი ყურადღება  იზორიას სკანდალიდან საკრებულოს ჩხუბზე გადასულიყო“, – წერს ტელეკომპანიის „ტვ პირველი“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ამდენ სკანდალურ ამბავში გახვეული ხელისუფლების ბუნებრივ, აფექტურ მდგომარეობაზე მიანიშნებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.

„მე უფრო მგონია, რომ ქაოსთან გვაქვს საქმე.  ხელისუფლება აშკარად აფექტურია.. აფექტის მდგომარეობაში მუშაობს…. ვეღარ აკონტროლებდა ვერც თავის ქცევას, ვერც თავის რიტორიკას, ვერც გამონათქვამებს. პოლიტიკური ისტერია სჭირს. რომელი ერთი უნდა გადაფარონ, უკვე ცოცხალი აქტივი აღარ დარჩათ და… ახალი პრობლემით ძველი პრობლემის მუდმივად  გადაფარვა, ეს უკვე აბსურდია. პოლიტიკური აფექტია, შიშია, უძილო ღამეებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ექსპერტი “2020NEWS“-თან საუბრისას.  

ხუხაშვილი ვერც სამომავლოდ აკეთებს დამამშვიდებელ პროგნოზს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე თავდასხმები გაგრძელდება, რადგან მმართველი ძალა საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციაზე თავდასხმის ტენდენცია გაგრძელდება, თუ გონს არ მოეგნენ. დიალოგის პერსპექტივაც, ჯერჯერობით, არ ჩანს. ხელისუფლება „ხელების გადაგრეხვაზე“ მუშაობს. ჭკუას ვერ სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაც ძალიან ცუდი სიგნალები მოდის.  საერთოდ, აფექტის მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. მაინტერესებს გამოძიება თუ დაიწყება ამ საქმეზე. ტენდენცია ისეთია, ტემპერატურა არჩევნებისთვის ყოველდღიურად გაიზრდება. შემაკავებელ ფაქტორებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ“, – მიაჩნია ხუხაშვილს.

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე კი “2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ ხაბეიშვილის ცემა არა რაიმეს გადაფარვა, არამედ დაპირისპირების ესკალაციაა.

„ზოგადად აყალმაყალი და  ჩხუბი მიუღებელია, მაგრამ უფრო ღრმა პრობლემა აქ ისაა, რომ დაპირისპირების ესკალაცია ხდება თითქმის ყველა დონეზე.  პრობლემა სწორედ ისაა და ჩემი აზრით, უმთავრესიც, რომ ყველა სცენარი ერთმანეთს მისდევს, არა მხოლოდ ოპოზიცია-ხელისუფლების დონეზე, არამედ – მოსახლეობაშიც, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისათვის. ჩემი აზრით, ყველა უნდა  ეცადოს, რომ კრიტიკაცა და უკმაყოფილებაც წესიერების ფარგლებში მოაქციოს და ზღვარს არ გადავიდეს “, – განაცხადა ძაბირაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ასეა თუ ისე, ფაქტია, ქვეყანა დენთის კასრზე ზის,  ტემპერატურა ყოველდღე მატულობს და არავინ იცის,  პოლიტიკური ლავა ვულკანიდან 2020 წლის არჩევნებამდე გადმოიღვრება, თუ არჩევნების შემდეგ.

ფაქტია ისიც, რომ დღითიდღე ხელისუფლება ოპოზიციის „შემნახველ კასრებში“ კომპრომატებს, ნებით თუ უნებლიედ, საკუთარი ხელით  ამატებს და სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ საბოლოოდ, იმ სკანდალური, წამების შემცველი, ფარული ჩანაწერებით სავსე კასრებივით, არც ესენი გასკდებიან უკვალოდ.

რუსა მუმლაძე

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.