ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

ბელინგქეთის, შპიგელისა და Russian Insider-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა გერმანიის საზღვარი ყალბი პასპორტით გადაკვეთა.

როგორც ცნობილია გერმანიის პოლიციას ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით 49 წლის ვადიმ სოკოლოვი ჰყავს დაკავებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა მსგავსი სახელითა და გვარით რუსეთის მოქალქეთა მონაცემთა ბაზაში არავინ იძებნება. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სოკოლოვის მიერ ვიზის განაცხადზე მითითებული მისამართიც შემოწმდა, თუმცა გაირკვა, რომ პეტერგურგში მსგავსი მისამართი არ არსებობს. ბელინგქეთის თანახმად, როდესაც ბრალდებული მოსკოვიდან პარიზში მიემგზავრებოდა, მას მოუწევდა პასპორტის კონტროლის გავლა, რაც გულისხმობს პიროვნების მონაცემების შემოწმებას რუსეთის საპასპორტო მონაცემთა ბაზაში. პროცედურის მიხედვით, ნებისმიერი შეუსაბამობა როგორიც არის მაგალითად მონაცემთა ბაზაში რაიმე ინფორმაციის არარსებობა, სასაზღვრო სისტემის განგაშს გამოიწვევდა და ეს პიროვნება საზღვრის კვეთის პროცედურას ვერ გაივლიდა. თუმცა სავარაუდო მკვლელმა შენგენის ზონაში შესვლა შეძლო.

“მომხდარის ორი ახსნა: რუს მესაზღვრეებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვადიმ სოკოლოვი ფარული ოპერატიული მუშაკი იყო და ბრძანება ჰქონდათ ის გაეშვათ ან 31 ივლისისთვის ანუ მაშინ როცა ის მოსკოვს ტოვებდა, სოკოლოვი რუსეთის პასპორტის მონაცემთა ბაზაში იძებნებოდა.”

ბელინგქეთი წერს, რომ ბრალდებული გერმანიაში რუსეთში, საფრანგეთის საელჩოში  მიღებული შენგენის ვიზით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი  23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელმა ხანგოშვილს სამჯერ: ერთი ზურგში, ორი ტყვია კი თავში იმ დროს ესროლა, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.

როგორც ბელინგქეთი წერს ხანგოშვილი დიდი ხნის მანძილზე მოსკოვს მტრების სიაში ჰყავდა შეყვანილი, რადგან ის 1999-2001 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო და პანკისში ცხოვრების შემდეგაც აგრძელებდა ჩეჩენი “სეპარატისტების” მხარდაჭერას.

ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. ის მაშინ მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. ეს საქმე ჯერჯერობით გამოძიებული არ არის.

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ხანგოშვილის მკვლელობასთან. „კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს ოფიციალურ რუსეთსა და ამ ინციდენტს, მკვლელობას შორის“, განაცხადა 28 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.