“ხარისხობრივად ყველაზე დაბალი დონის 40 დეპუტატი“ – ჭყონია საარჩევნო რეფორმის ჩავარდნაზე

„ამ 40 დეპუტატიდან უმრავლესობამ როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და საპროტესტო აქციებს, რომელიც „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერას მოჰყვა და მათგან 36 პარლამენტარი უშუალოდ პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ პოზიცია შეიცვალა. 

Bm.ge-ისთან ინტერვიუში თემურ ჭყონია მიმდინარე პროცესებს არალოგიკურს უწოდებს.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ არალოგიკური თემა ხდება საქართველოში – 3 მლნ ამომრჩეველი მომხრეა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ, მომხრეა სახელისუფლებო და ყველა სხვა პარტია, მომხრეა ბიძინა ივანიშვილი და თურმე 40 კაცი წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს, 40 კაცი ღუპავს ქვეყანას, შეიძლება ასეთი არალოგიკური რაღაც არსებობდეს?!… დავანებოთ თავი იმას, ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო თუ – არა; სურათი არის შემდეგი – რეფორმის მომხრეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი და დარჩა 40 ადამიანი, რომელიც მომხრე არ არის…

ვინ არიან ისინი? – ხარისხობრივად ყველაზე დაბალი დონის 40 პარლამენტარი, თავისი შინაარსით, წარსულით, პოლიტიკური ისტორიით, პარტიების მონაცვლეობით – ყველგან რომ ყველაფერი მოიარეს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ და შეიძლება ეს?! 12 მოციქულმა ვერ შეცვალა მსოფლიო და 40 ადამიანმა შეცვალა საქართველოს პოლიტიკური რეალობა; ეს ხომ საშინელებაა? 40 ადამიანმა გამოიწვია ეს პროცესები ქვეყანაში“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

კითხვას – გჯერათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დამოუკიდებლად მიიღეს, ბიზნესმენმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მე მჯერა ერთი რაღაცის, რომ იმ დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რა გადაწყვეტილება მიიღო. 98%-მა არ იცის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პრობლემა არის 40 კაცი“, – ამბობს ბიზნესმენი.

რაც შეეხება იმას, სად არის გამოსავალი, თემურ ჭყონია აცხადებს, რომ რაც ქვეყანაში ხდება არავისთვისაა კარგი – არც ოპოზიციისთვის და არც – ხელისუფლებისთვის.

„ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ? – უნდა შევისწავლოთ, ეს 40 ადამიანი რამდენად წესიერია, რამდენად სწორი ტიპია, რამდენად სწორად მოხვდა პარლამენტში? რომელი პარტიებიდან მოხვდა და უნდა თქვათ, რომ არ არიან სწორები… როდესაც ადამიანებს ახასიათებ, მისი ბიოგრაფიით უნდა იმსჯელო, ადამიანი არის წარსული და აწმყო. წარსული აქვთ ბინძური, არასტაბილური, მლიქვნელური და არ არსებობს, რომ ამათი ხმა მოქმედებდეს საქართველოს მომავალზე. ესაა ნონსენსი. როგორ შეიძლება?!“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის: საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობა პიკეტირებული აქვთ. შესაბამისად, დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა. 15:00 საათზე კი, პარლამენტის ბიურო იყო დაგეგმილი, მაგრამ, ჯერჯერობით, არც ის არ დაწყებულა.

საპროტესტო აქციები იმ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს.

bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.