ხელისუფლების მორიგი ანტირეკორდი – საქართველო პირველად მოხვდა Top-30 მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგში

2019 წლის ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე 181 ქვეყნის რეიტინგში საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა. საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც მეზობელ ქვეყნებში თურქეთის (11.84%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას Tradingeconomics.com-ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს 7%-ზე მაღალი ინფლაცია 2010 წელს იყო, როდესაც ის 11.2%-ს შეადგენდა და შესაბამისად აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მოწინავე 30 ქვეყანას შორისაც პირველად მოხვდა.

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი უპატიებლადმიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს.

„რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის ტემპი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროა, რომ ინფლაციის ტემპით ჩვენ შევდივართ ღარიბი ქვეყნების რიგებში, მაშინ როდესაც ყველაზე ღარიბ ქვეყანად არ ვითვლებით. შესაბამისად უპატიებელია, როდესაც საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, სადაც მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ბიზნესად ითვლება. Tradingeconomics.com არ არის პირველი, რომელიც ამაზე აქვეყნებს, სხვაგანაც არის საუბარი საქართველოს მაღალ ინფლაციაზე და ფულის მასის არაპროპორციულ ზრდზე,“ — განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის დონე ბევრად ჩამოუვარდება საქართველოს მაჩვენებელს. მაგალითად, რუსეთში ინფლაცია 3% იყო, აზერბაიჯანში – 2,6%, ხოლო სომხეთში – 1%.

181 ქვეყანას შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაში დაფიქსირდა და 39113% შეადგინა, რეიტინგში მეორე პოზიციაზე ზიმბაბვეა, სადაც წლიური ინფლაცია 480%-ია, მესამე ადგილზეა სამხრეთ სუდანი 170.5% ინფლაციის მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი დეფლაცია დაფიქსირდა ლიბიაში (-6%), ბურკინო ფასოში (-3.8%) და ჩადეში (-2.8%).

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.