ხუხაშვილი: “გახარიას მთავრობა უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ არა ქვეყნისთვის, არამედ პირადად ივანიშვილისთვის”

„პარტიული პოლიტიკის თვალსაზრისით, ივანიშვილისგან ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. მას ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს და დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ ჰქონდა. საარჩევნო ციკლში შევდივართ და ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელსაც საზოგადოებასთან ელემენტარული კომუნიკაციის უნარი გააჩნია. გახარიას გარდა, მგონი, ასეთი უნარები იქ არავის აქვს,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

გია ხუხაშვილი: ეს იყო მისთვის არა საუკეთესო, მაგრამ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა, საუკეთესო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სახელმწიფოებრივად, აქ ბევრი არაფერი იცვლება. ის იქნება უფრო ეფექტური, მაგრამ მისი ეფექტურობა მიმართული იქნება არასახლმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად. იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, რასაც ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია.

მორალური თვალსაზრისით, უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მაკო გომურის ჯანრთელობა არ გვიღირს ჩვენ თაობას, ყველას ერთად, არათუ სკამად, არამედ საკუთარ ჯანმრთელობადაც კი. მორალურ პრიზმაში ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„რეზონანსი”: ზოგადად პრემიერ-მინისტრის პოსტზე როგორ ხდება კანიდატების შერჩევა?

გ.ხ: კანდიდატების შერჩევა ხდება იმ მოთხოვნილებებით, რასაც პოლიტიკური მოცემულობა ქმნის და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც იმ მომენტშია. ეს არის მისთვის (ბიძინა ივანიშვილისთვის) კორპორატიული გადაადგილება, შიდა მენეჯმენტის კონფიგურაციის ცვლა, იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც აქვს ამა თუ იმ ეტაპზე.

„რ”: ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისთვის რა შეიცვლება?

გ.ხ: შედარებით უფრო ეფექტური იქნება საარჩევნო კამპანია. რამდენად გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რაც „ქართული ოცნების” წინაშეა, ეს არ არის მხოლოდ მათ ეფექტურობაზე დამოკიდებული. ასევე დამოკიდებულია იმაზეც, რას იზამს ოპოზიცია და რამდენად ეფექტური იქნება ის.

„რ”: რას მეტყვით საპროტესტო ტალღაზე? 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, სწორედ გიორგი გახარიას გადადგმის მოთხოვნით მიმდინარეობს აქციები დღემდე.

გ.ხ: ეს ტალღა არ გაჩერდება. იქნება მუდმივად არჩევნებამდე, თავისი პიკებით, მინავლებით და ა.შ.

„რ”: როგორ ფიქრობთ, მიიღებს ეს აქციები მასშტაბურ სახეს?

გ.ხ: რაღაც სახეს მიიღებს. ეს იქნება დაპირისპირების ერთ-ერთი ცენტრი. რა ფორმებს მიიღებს, როდის რა მოხდება, არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიციაც რამდენად მოახერხებს გადაჯგუფებას და რამდენად გაჩნდება ახალი პოლიტიკური ცენტრები ქვეყანაში.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.