ჰენრი კუპრაშვილის მორიგი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე (ფოტოკოლაჟი)

ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა 

ჰენრი კუპრაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა 29 ივნისს, პორტუგალიაში (კ. მადეირა, ქ. მაშიკო) თანამედროვე ხუთჭიდის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სირბილისა და ცურვის ორჭიდში – ბიატლში (კატეგორია მასტერს 70+).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 73 წლის პროფესორმა ასევე იასპარეზა 1 ივლისს იქვე გამართულ UIPM- ის გლობალურ მსოფლიო ლაზერ-რბენაში (სროლისა და სირბილის ორჭიდი) და პირველი ადგილი დაიკავა ასაკით ბევრად მასზე უმცროსებში (მასტერს 60+).

ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით გამოვიდა საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის (ვ. მალიშევი) წარგზავნილი 19 წლის ქრისტინა ჭიტაძეც, რომელმაც ქალ იუნიორებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, როგორც ბიატლში, ისე ლაზერ-რბენაში.

ევროპის ჩემპიონატში მისი მონაწილეობა განხორციელდა მისი მშობლიური უნივერსიტეტის (არჩ. ფრანგიშვილი) და  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის (ირ. გაბისონია) თანადგომით, ასევე ვაკის საცურაო აუზის (ეკ. ბარძემიშვილი) მხარდაჭერით, სადაც ვარჯიშისათვის ყველა პირობა აქვს შექმნილი.

სხვათა შორის, შარშან მის მიერ მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლით საქართველოს ყულაბის შევსება განაპირობა თბილისის მერიის, კერძოდ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (ი. გვილავა, დ. არეშიძე) მიერ სპორტსმენისადმი გამოვლენილმა მზრუნველობამ და აქტიურმა მხარდაჭერამ. როგორც ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნა, თუ კიდევ მიეცემა მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა, თავს არ დაზოგავს და საქართველოს ნამდვილად არ შეარცხვენს. ეს ევროპის ჩემპიონატი მისთვის ერთგვარი რეპეტიცია იყო მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც ფლორიდაში (აშშ) გაიმართება. შემოდგომაზე მას მოუწევს შარშან მოიპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა და მიაჩნია, რომ მისთვის ამ ეტაპზე ესაა მთავარი. 

http://ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.