ჰიტლერი ნამდვილად 1945 წელს მოკვდა – დიქტატორის კბილების კვლევა დასრულებულია

ადოლფ ჰიტლერი ნამდვილად ბერლინში, 1945 წელს მოკვდა, ციანიდის დალევის ან ტყვიის სროლის შედეგად. ამის შესახებ ფრანგი მკვლევრები იუწყებიან, რომლებსაც უიშვიათესი წვდომა მიეცათ დიქტატორის კბილის ფრაგმენტებზე (ინახება მოსკოვში).

„ეჭვგარეშეა, რომ კბილები ავთენტურია. ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიტლერი 1945 წელს გარდაიცვალა. ახლა უკვე შეგვიძლია, ბოლო მოვუღოთ ყველანაირ კონსპირაციულ თეორიას ჰიტლერის ირგვლივ. იგი სულაც არ გაქცეულა არგენტინაში წყალქვეშა ნავით, არც ანტარქტიდის საიდუმლო ბაზაზე დამალულა და არც მთვარის ბნელ მხარეს“, — უთხრა სააგენტო AFP-ს პროფესორმა ფილიპ შარლიემ.

შარლიესა და მისი კოლეგების კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ European Journal of Internal Medicine-ში.

პროფესორის თქმით, ჰიტლერის კბილებსა და პროთეზზე ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა თეთრი ქვები, მაგრამ არსად შეიმჩნევა ხორცის ქსოვილების კვალი, ანუ დიქტატორი ვეგეტარიანელი იყო.

2017 წლის მარტსა და ივლისში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (ФСБ) და რუსეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით, შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც პირველად 1946 წლის შემდეგ, ჰიტლერის ძვლები უნდა შეესწავლა.

ფრანგების ჯგუფმა შეისწავლა ფიურერის თავის ქალის ნაწილი, რომელსაც მარცხენა მხარეს ხვრელი აჩნდა, რაც სავარაუდოდ, ტყვიის გავლის შედეგად უნდა ყოფილიყო წარმოქმნილი.
თუმცა, მეცნიერებს ამ ფრაგმენტიდან ნიმუშების აღების საშუალება არ მისცეს.

ფილიპ შარლიეს თქმით, ფრაგმენტის მორფოლოგია სრულად შეესაბამება ჰიტლერისთვის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თავის ქალაზე გადაღებულ რადიოგრაფიას.

როგორც შარლიე აცხადებს, თუკი ეს კვლევა საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ჰიტლერი 1945 წლის 30 აპრილს ბერლინში, საკუთარ ბუნკერში მოკვდა პარტნიორ ევა ბრაუნთან ერთად, ნათელი მოეფინება მისი სიკვდილის ზუსტ მიზეზებსაც.

„დაზუსტებით არ ვიცით, თვითმკვლელობისთვის მან ციანიდის ამპულას მიმართა თუ თავში ტყვია დაიხალა. ორივე შესაძლებელია“, — ამბობს პროფესორი შარლიე.

კბილების კვლევამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი ფხვნილის კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რევოლვერი პირში ნასროლი არ არის. სავარაუდოდ, სროლა კისერში ან შუბლში მოხდა.

მკვლევართა თქმით, პროთეზზე აღმოჩენილი მოცისფრო დეპოზიტები შესაძლოა, მიუთითებდეს ქიმიურ რეაქციაზე ციანიდსა და პროთეზის ლითონს შორის.

აღსანიშნავია, რომ ფილიპ შარლიე არის სამედიცინო და სასამართლო ანთროპოლოგიის სპეციალისტი, რომელიც თავის დროზე ასევე ჩართული იყო რიჩარდ ლომგულისმუმიფიცირებული გულის კვლევაში.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.