ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ჰონგ-კონგთან, ინდოეთთან და ისრაელთან გეგმავს, ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიკა გაბუნია ესაუბრა.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ ჰონგ-კონგთან  და ხელშეკრულებას 28 ივნისს მოეწერება ხელი. ხელშეკრულება, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შევა ძალაში.

ინდოეთთან ჩვენ უკვე დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევა, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ვახორციელებთ ინდურ მხარესთან ერთად და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ასევე, ისრაელთან იგეგმება მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარება.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სულ 3 თვეა რაც ძალაში შევიდა, საკმაოდ მოკლე პერიოდის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია ვიმსჯელოთ არსებულ შედეგებზე, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მიმართვის რაოდენობით,  154 პრეფერენციული სერტიფიკატი არის უკვე გაცემული ჩინეთის ბაზარზე, ექსპორტმა სამი თვის მანძილზე 20,5 მილიონი დოლარი შეადგინა  და ვიმედოვნებთ რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“- განაცხადა მარიკა გაბუნიამ.

კომერსანტი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.