1 მლნ ლარი 74 ტონა რუსული თაფლისთვის – შსს პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობს

1 მლნ ლარი 74 ტონა რუსული თაფლისთვის – სწორედ ამ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ პროდუქტი ოკუპანტი ქვეყნისგან შეიძინოს.

შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. კომპანია ვითი სასაზღვრო პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს მოამარაგებს რუსული თაფლით. თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო იმავე ბიუჯეტიდან არაერთ მილიონს უშედეგოდ ხარჯავს ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად.

ქართველი მეფუტკრეები აღშფოთებას ვერ მალავენ, რადგან სახელმწიფო რუსულ თაფლში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ღირს და ეს მაშინ, როდესაც აქაურ მწარმოებლებს წლების განმავლობაში დაგროვილი მარაგი გასაყიდი აქვთ.

მეფუტკრეების თქმით, სახელმწიფომ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ მათ ამაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ შსს კომპანია ვითის ერთ ლიტრს თაფლში 14 ლარს უხდის მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოების თაფლის შეძენა 10 ლარად შეეძლო.

„როგორც ახლა ირკვევა, ტენდერი გამოცხადებული იყო მარცვლეული კულტურების შესყიდვასთან ერთად და კლასიფიკატორით ეს არ იძებნებოდა, თორემ იყო სერიოზული სურვილები. ჩვენ ვეღარ შევძელით თაფლის გაყიდვა და დარჩა რეზერვებში დიდი რაოდენობა. შარშან იგივე მოხდა, ვერ გაყიდა მოსახლეობამ. ორი წლის რეზერვები ძალიან დიდია ქვეყანაში დაგროვილი. მოსახლეობას უჭირს და ვერ გაუყიდია ეს თაფლი. მაშინ ისმის კითხვა, რათ გვინდა, განვავითაროთ წარმოება, თუ ჩვენ ვერ გავყიდით ამ პროდუქციას. ჩვენი შიდა ბაზრის ფასები, საბითუმო ფასები თაფლისა დაფიქსირებულია 10 ლარის ფარგლებში,“ – განაცხადა როლანდ ზირაკაშვილმა.

ავტორი: მარიკა გოცირიძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.