2006-2014 წლებში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის ნაცვლად 2019 წლის პირველ მარტამდე შეუნარჩუნდება

2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველი სექტემბრის ნაცვლად 2019 წლის პირველ მარტამდე შეუნარჩუნდება.

ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. მისი ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გოგა გულორდავა, გიორგი ხატიძე და მერაბ ქვარაია.

კანონის დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ სექტემბრამდე აქვს.

დღევანდელი მდგომარეობით ჯამში ამ კატეგორიების 481 000 მართვის მოწმობაა გაცემული და მათაგან 263 700 მართვის მოწმობას მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ სექტემბერს გასდის. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა 3 თვის განმავლობაში შეუძლებელია.

„იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის პირველ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა და ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაწევა 2019 წლის პირველ მარტამდე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვა, დღეს 27 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამარტივებული წესით არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.