2008 -2010 წლებთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა აქტივები 289%-ით მოგება 456%-ით გაიზარდა

საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების კოლაფსის შემდეგ, ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო სექტორი ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სათანადოდ შეძლო განვითარება და დროთა განმავლობაში საკუთარი საბაზრო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როცა მაგალითად 1995 წელს 102 ბანკი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რამაც საბანკო სერვისების ხარისხზე და სისწრაფეზე იქონია დადებითი გავლენა, ასევე საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწამ ბანკების რაოდენობის შემცირება, თუმცა მათი მომსახურე ფილიალების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.

პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლებიც და შედეგად დღეს საქართველოში საფინანსო სექტორის 90%-ზე მეტი სწორედ ბანკების აქტივებზე მოდის. თავის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად 16 კომერციული ბანკისა, ბაზარზე კონკურენცია დაბალია, ვინაიდან საბანკო ბაზრის 70% ორ მსხვილ ბანკზე მოდის და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია. ცალკე საკითხია ის ფაქტი, რომ მიუხედავად საბანკო სექტორის ქართულ ეკონომიკაში დომინანტური როლისა, ის არ მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში სათანადოდ, რაზეც ქვემოთ უფრო კონკრეტულად გვექნება საუბარი. მანამდე ბანკების ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების პროგრესზე გავამახვილოთ ყურადღება.

ბუნებრივია, საბანკო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორებია მათი მთლიანი აქტივები და წმინდა მოგება. წლების განმავლობაში, ორივე მაჩვენებელი სტაბილურად მზარდია (გამონაკლისი 2008-2009 წლები, აგვისტოს ომის შედეგი) კერძოდ: კომერციული ბანკების წმინდა აქტივები 2008 წლიდან 2017 წლამდე 289%-ით არის გაზრდილი და 2017 წლის ნოემბერის მონაცემებით 34,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო წმინდა მოგება(გრაფიკიN1) 2017 წელს 2010 წლის მოგებასთან შედარებით 456%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 869 მილიონ 798 ათასი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელიც, რაც ბანკების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამ მხრივ ბოლო 20 წელიწადში საგრძნობი პროგრესი შეინიშნება. 1997 წელს ყველა ბანკში არსებული დეპოზიტი ერთად 91 მილიონი ლარი და მშპ-ის 2% იყო, 2017 წელს კი 16 მილიარდ ლარს, მშპ-ს 50,2% გადააჭარბა. თუმცა აქვე აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობა დანაზოგების გაკეთებას დოლარში ამჯობინებს ვიდრე ეროვნულ ვალუტაში, რის გამოც დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდე 70%-მდეა.

გრაფიკი N1

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/1-2-300x135.png

წყარო: nbg.gov.ge- მონაცემებზე დაყრდნობით

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც ბანკების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის პროცესში ყურადღებას იპყრობს, არის ბანკების მოგების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან(მშპ). ამ კუთხით ქართული საბანკო სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მომგებიანობის თვალსაზრისით ქართული საბანკო სექტორი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. კერძოდ ბანკების მოგების მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 2,2%-ს აღწევს (გრაფიკი N2), რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია განვითარებული ქვეყნების საბანკო სექტორის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.(გრაფიკი N3) მაშინ, როდესაც ბანკების მიერ გაცემული სესხების თანაფარდობა მშპ-სთან ერთ-ერთი დაბალია იგივე შესადარი ქვეყნების მაჩვენებელთან(გრაფიკი N4) ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, საბანკო სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკის დაკრედიტებაში არის მაღალი, ხოლო წმინდა მოგება მშპ-სთან მიმართებაში დაბალი. საქართველოში კი პირიქით, სესხების მოცულობა მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ხოლო წმინდა მოგების მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.წყარო: nbg.gov.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით

გრაფიკი N2

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/2-3-300x138.png

წყარო: nbg.gov.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით

გრაფიკი N3

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/3-3-300x131.png

წყარო:worldbank.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით

 გრაფიკი N4

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/4-1-300x130.png

წყარო: worldbank.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით

ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ბანკების საპროცენტო შემოსავლების სტრუქტურის გაანალიზება. როგორც გრფაიკული გამოსახულება N5-დან ჩანს, 2006-16 წლებში ბანკებისთვის იურიდიული პირებიდან მიღებული შემოსავლები სტაბილურად კლებადია, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლები სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ კომერციული ბანკები ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე არიან ორიენტირებულნი, რაც მეტწილად სამომხმარებლო ხასიათის მატარებელია და ქვეყანაში არ ემსახურება დოვლათის შექმნას, პირიქით, კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს(მაგ: განვადებებით უცხოური პროდუქციის შესყიდვა) ხოლო ბიზნესის დაკრედიტება წლიდან წლამდე კლებულობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის შიგნით ფინანსების მოძიების თითქმის ერთადერთი და უალტერნატივო ინსტიტუციის – საბანკო სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში მიზერულია.

გრაფიკი N5

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/5-1-300x164.png

წყარო: nbg.gov.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით პირადი

რაც შეეხება საბანკო სექტორის შემოსავლებს, 2006-16 წლებში, საშუალოდ ის 21%-ანი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა(გრაფიკი N6), ანალოგიურ პერიოდში კი მთლიანი შიდა პროდუქტი, გამოხატული საბაზრო ფასებში დაახლოებით 7%-ით იზრდებოდა.

გრაფიკი N6

http://bfm.ge/wp-content/uploads/2018/04/6-1-300x156.png

წყარო: nbg.gov.ge- მონაცემებზე დაყრდნობით

იმისათვის, რომ კომერციული ბანკების როლი ეკონომიკურ განვითარებასთან უფრო მჭიდრო კავშირში იყოს, ვიდრე ის დღეს არის, საჭიროა მისი სასესხო პროდუქტები უფრო მიმზიდველი და მისაღები გახდეს კერძო სექტორისთვის, ეს კი მიიღწევა ფინანსურ სექტორში ბანკებთან არააფილირებული საფინანსო ინსტიტუტებისთვის თანაბარი და სამართლიანი თამაშის წესების უზრუნველყოფით, რაც მარეგულირებლის ვალდებულებაა. სხვა შემთხვევაში, მაგალითად პოლიტიკური განცხადებებით ბანკების დავალდებულება დაწიონ საპროცენტო განაკვეთები, გაცილებით უარყოფით შედეგებს მოგვცემს. გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სისტემის დივერსიფიცირებაში ანუ კონკურენციის ზრდაში.

წრარო :  ბანკები და ფინანსები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.