31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015–2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემული პრემიების ოდენობა ზღვრულ ნორმას აღემატება.

მთავრობის დადგენილებით, მოსამსახურეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს, ამასთან პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. ბორჯომის მუნიციპალიტეტს კი ეს გათვალისწინებული არც პრემიების ჯერადობის და არც რაოდენობის თვალსაზრისით აქვს.

2015 წელს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებზე, ჯამში 112 თანამშრომელზე წახალისება 418 ათასი ლარი გაიცა. მათ შორის, პრემია – 400 ათასი იყო, ხოლო დანამატი – 18 ათასი ლარი.

კერძოდ:

2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 69 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში პრემია გაიცა 5-ჯერ და მეტჯერ, მათ შორის 10 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში პრემია გაიცა 7 – ჯერ.

მუნიციპალიტეტის 4 მოსამსახურეზე, რომელთაც პრემია აღებული აქვთ წლის განმავლობაში 7-ჯერ, აგრეთვე გაიცა დანამატი ყოველთვიურად, თითოეულზე 250 ლარიდან 530 ლარამდე ოდენობით.

2015 წლის დეკემბერში 79 მოსამსახურეზე გაცემული წახალისება მერყეობს თანამდებობრივი სარგოს 120%-დან 200 %-მდე.

2016 წელს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებზე, ჯამში 113 თანამშრომელზე პრემია გაიცა 376 ათასი ლარი, ხოლო დანამატი 37 ათასი ლარი. 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 3 თანამდებობის პირზე პრემია გაიცა წლის განმავლობაში 4-ჯერ, ხოლო დანამატი ყოველთვიურად.

31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში

აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გამგეობაში ყოველთვიური დანამატი დაწესებული იყო წინასწარ. რეალურად კი შეუძლებელი იყო წინასწარ სცოდნოდათ იმის შესახებ, თუ რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად. მიუხედავად ამისა, ბრძანებაში დანამატის გაცემის საფუძვლად მითითებულია „მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა“.

წყარო:http://sknews.ge

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.