40 ქვეყანა, 1400 მონაწილე – ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ბრინჯაოს მედალი, ორი მე-4 ადგილი და ერთი მე-7 ადგილი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ბრინჯაოს მედალი, ორი მე-4 ადგილი და ერთი მე-7 ადგილი მოიპოვა.

მისი განცხადებით, 2018 წელს ეს შეჯიბრება ტალინში ჩატარდა და 40 ქვეყანის 1 400 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მისივე თქმით, დიდი გამოცდილების მქონე მორჟების მსოფლიო გრანდებთან ჭიდილში, საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა, არცთუ ურიგო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ghn ავრცელებს.

“2018 წელს ეს შეჯიბრება ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა (40 ქვეყანა, 1400 მონაწილე) და დიდი გამოცდილების მქონე მორჟების მსოფლიო გრანდებთან ჭიდილში, საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა, არცთუ ურიგო შედეგი ვაჩვენე (წინა ჩემპიონატში მე-8 და 12-ე ადგილები). სულ 4 წელია, რაც დავიწყე ყინულჭრილში ცურვა, თანაც ჩემთვის ეს მეორე ჩემპიონატია. ამასთან წელს ხომ საეროდ არ იყო ჩემთვის საჭირო ყინვა და თოვლი. ვარჯიშის დროს აქცენტი ბატერფლაიზე მქონდა და მსოფლიო ჩემპიონობას ვგეგმავდი (ვარჯიშზე ნაჩვენები სატესტო შედეგებიდან გამომდინარე), მინიმუმ ვერცხლი მაინც უნდა ამეღო. ბატერფლაი ჩემპიონატის პირველი გაცურვა იყო, ადაპტირებული არ ვიყავი, თანაც “პლავკის” შეკვრა დამვიწყნია, წყალში ჩასვლის ბრძანება, რომ გაიცა ზონრების შეკვრა-შეკვრით ჩავედი, სტარტს მოუმზადებელი შევხვდი (სპეციფიკური სტარტი აქვს, წყალში ჩასულმა ცალი ხელი კიბის სახელურს უნდა მოკიდო, მხარი წყლის ზემოთ თუ დაგრჩა საჯარიმო წამებს გიმატებენ), სტარტის დროს მხრის წყალში ჩამალვა ვერ დავაფიქსირე და 6 წამი საჯარიმო დამიმატეს. ჩემს ბილიკზე მომაგრებული მსაჯის წამმზომმა 25 წამი დააფიქსირა, ჯარიმიანად გამოვიდა 31, რამაც მხოლოდ მესამე ადგილი მომიტანა. ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. შემდეგ შეჯიბრებაზე საწადელს მაინც ავისრულებ. გამოცდილება აშკარად მაკლია. ცივ წყალში ცურვასაც თავისი მუღამი უნდა (კუნთები იკუმშება, სისწრაფე კლებულობს), ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივ წყალში ცურვისაგან.

ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, იგი მუდამ ჩემს გვერდით არის და ჩვენ ერთობლივად ვაღწევთ წარმატებებს ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიმართ, რომლის ყურადღება არ მომკლებია. ძალიან დიდი დახმარება გამიწია ვაკის (ე.წ. ბენდუქიძის) საცურაო აუზის ხელმძღვანელობამ (ეკა ბარძემიშვილი), თითოეულმა თანამშრომელმა, მათ შემიქმნეს ვარჯიშისათვის ყველა პირობა. იყვნენ ცალკეული ადამიანებიც, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.