43 ხმით 8-ის წინააღმდეგ-საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს მხარი დაუჭირა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. პარლამენტის მხრიდან ჩვენს წინაშე დასახული იყო ორი ამოცანა. პირველ რიგში ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება მისი ინიცირებისთანავე ანუ მომდევნო კვირის განმავლობაში და კონსტიტუციური კონონის პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ექნება.

„ვენეციის კომისიას ექნება დაახლოებით ერთი თვე საკუთარი დასკვნის მოსამზადებლად და ვიდრე საპარლამენტო განხილვები დაიწყება, ანუ ივნისის თვემდე, ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის ჯერ წინასწარი დასკვნა და 15 ივნისისთვის კი, ვენეციის კომისია გეგმავს უკვე თავის პლენარულ სხდომაზე საბოლოო დასკვნის დამტკიცებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციურ კონონს პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით, მანამდე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა გვექნება.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, ყველა სამართლებრივი შენიშვნა იქნება ბოლომდე გაზიარებული და ასახული პროექტში. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ამ სიტყვას, ბუნებრივია არ გადავალთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის საფუძველზე უკვე პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე “, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.