ქართული ფულის ისტორია

დროშა, გერბი, ჰიმნი უზენაესი სახლმწიფო სიმბოლიკებია. სწორედ ისინია ქვეყნის სუვერენიტეტის მკაფიო მტკიცებულება, თუმცა არის კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც სახელმწიფოს ერთგვარ ეკონომიკურ პასპორტს წარმოადგენს. ეს ეროვნული ფულია, ბანკნოტებისა და მონეტების ნაკრები ისტორიული სახელებით – ლარი და თეთრი. ისინი ჩვენი უახლესი წარსულის მონაპოვარია.

ასერთი წლის წინ გამოცხადებული დამოუკიდებლობის ერთ-ერთ სიმბოლოს კი ქართული ბონი წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის 11 ივლისს ზუსტად ასი წელი შეუსრულდა. 

დეკრეტი ბონის გამოშვების თაობაზე, 1918 წლის მაისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო. ეს იყო ერთგვარი დროებითი ფულადი ნიშანი, რასაც, წესით, ნამდვილი ეროვნული ვალუტა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მხოლოდ 1922 წლამდე იარსება, რასაც, ცხადია, მისი საბჭოთა ფულით ჩანაცვლება მოჰყვა.

ბონის შემოღება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, ევროპისთვის ურთულეს პერიოდში ხდებოდა – პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, შესაბამისად, ევროპაში წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს პირველი ნაბიჯების გადადგმა, ფაქტობრივად, მარტოს უხდებოდა. ამ პროცესის ერთ-ერთი სეგმენტი ეროვნული ფულის სისტემისა და ნიშნის დაუყოვნებლივ შემოღება იყო, რასაც არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც ჰქონდა.

ბონი ზოგად საკრედიტო დოკუმენტს წარმოადგენს და მისი გამოყენების მსოფლიო პრაქტიკაც არსებობს, თუმცა ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში, მისი ორიგინალური და სახასიათო დიზაინი მზადდება. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. როგორც ფოტომასალაზე ხედავთ, ბონის კუპიურები ვიზუალურად საკმაოდ დატვირთული და ინფორმაციულია. მათი ესკიზების ავტორები ცნობილი ქართველი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, იოსებ შარლემანი და ქუთაისში დაბადებული, პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი, ჰენრიხ ჰრინევსკი იყვნენ. მათ მიერ შესრულებულ ნამუშევარზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ორნამენტებია გამოსახული.

აღსანიშნავია 500 მანეთიანი ბონის კუპიურის მხატვრობა. ავერსზე ქვის მოჩუქურთმებული თაღის ქვეშ განთავსებულ ტახტზე ჩამომჯდარი წითელსამოსიანი ქალია გამოსახული, რომელსაც გვერდით ფარი უდევს ინიციალებით „სდრ“ (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო მეორე მხარეს შუბი მოჩანს. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ეს მებრძოლი ქალი, რომლის გამოსახულებაც იმ დროს გამოშვებულ საფოსტო მარკებზეც გვხვდება, საქართველოს სიმბოლურ განსახიერებას წარმოადგენდა – დაახლოებით ისეთს, როგორიც საფრანგეთისთვის მარიანაა. 

მხატვრობის გარდა, ბონებზე დატანილია წარწერებიც ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. ისინი გვაუწყებს, რომ ვაჭრობისას ბონი ისევე მიიღება, როგორც რუსეთის სახელმწიფო საკრედიტო ბილეთი, ხოლო მის ღირებულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს რესპუბლიკა მთელი თავისი ქონებით. მთლიანობაში, ამ სამი წლის განმავლობაში, 50 კაპიკიდან 5000 მანეთის ჩათვლით, ათი სხვადასხვა ნომინალის ბონი გამოვიდა. სტანდარტული ინფორმაციის გარდა, მასზე მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერები იკითხება. 

ქართული ფული

როგორც ძველ სახელმწოფოთა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, საქართველოშიც, პირველი ფულის მოჭრამდე, ვაჭრობა სხვადასხვა საქონლით, მოსავლით, ძვირფასი მეტალის ზოდებით, სამკაულით, შინაური საქონლითა და, ზოგჯერ, ადამიანებითაც ხდებოდა. თანამედროვე ქართული ფულის, ლარისა და, მასთან ერთად, თეთრის ისტორია, 1995 წლის ოქტომბრიდან იწყება, როდესაც საბჭოთა მანეთის ჩამანაცვლებელი კუპონები წარსულის ნაწილად იქცა და საქართველომ სუვერენული სახელმწიფოსთვის აუცილებელი კიდევ ერთი ატრიბუტი – ეროვნული ვალუტა შეიძინა. 

კოლხური თეთრი

ლარის შემადგენელი თეთრის წინაპარი, კოლხური თეთრი, რომელიც გაცილებით გვიან წარმოშობილ ქართულ თეთრამდე არსებობდა, ისტორიკოსებისთვის ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეებიდანაა ცნობილი და კოლხეთის სამეფოს მიეწერება.

კოლხური თეთრი

ისტორიკოსებისთვის ისიც ცნობილია, რომ თეთრის მიმოქცევას, იმ დროისთვის, საკმაოდ ვრცელი არეალი ჰქონდა და სხვადასხვა დროს მოჭრილი კოლხური თეთრები ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაწყებული, სოჭით გაგრძელებული და ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონებით დამთავრებული, ბევრგანაა აღმოჩენილი. 

ამჟამად ქართული ნუმიზმატიკა 26 საუკუნოვან ოსტორიას ითვლის. ამ დროის განმავლობაში მოჭრილი მონეტების ორნამენტებსა და წარწერებში ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზის ამოკითხვაც შეიძლება. მაგალითად, ხშირია მონეტებზე ორენოვანი წარწერები (არაბულთან, სპარსულთან და, რაღა თქმა უნდა, რუსულთან დაწყვილებული ქართული), რაც ქვეყანაში კონკრეტულ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პირდაპირ ეხმიანება.

ამ მხრივ ყველაზე საგულისხმო დავით IV აღმაშენებლისა და დავით VI ნარინის მეფობისას მოჭრილი მონეტების წარწერებია. თუ პირველის დროს მოჭრილ სპილენძის მონეტაზე ვკითხულობთ, რომ ის იყო მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, დავით ნარინის დროინდელი მონეტით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ის იყო „მონა ყაენის, მეფე დავით“. 

თამარი. 1187

ისიც საგულისხმოა, რომ გიორგი მესამემ თამარის თანამესაყდრედ გამოცხადებისთანავე მოაჭრევინა მისი სახელობის მონეტები წარწერით „მეფე დედოფალი თამარი“, რითიც მისი ლეგიტიმურობა კიდევ უფრო გაამყარა.

საქართველოს ზარაფხანებში საკუთარ ფულს დამპყრობლებიც ჭრიდნენ. დღეს ისინი ჩვენს სამუზეუმო მემკვიდრეობას წარმოადგენს და მათი დახმარებით კიდევ ერთხელ ვიგებთ ჩვენი ისტორიის პოლიტიკურ დეტალებს. ფულისა და ისტორიის თანხვედრის ჩინებულ მაგალითს წარმოადგენს ერეკლე მეორის მიერ გამოშვებული ორი მონეტა. პირველი 1781 წელს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის აღსანიშნავად მოჭრეს, ზედ კი ორთავიანი არწივია გამოსახული. აღა მაჰმად ხანის მიერ ქვეყნის აოხრებისა და რუსეთის ღალატის საპასუხოდ, მეფე ერეკლემ ახალი მონეტა მოჭრა – ამჯერად ერთთავიანი არწივით.  

ბისტი. სპილენძი. ერეკლე ll. 1796

ერეკლესვე მემკვიდრემ და ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ, გიორგი XII მოჭრა ბოლო ქართული მონეტა, რასაც, 1804 წლიდან, ქართულ-რუსული მონეტები მოჰყვა. ეს ხაზი უკვე ნახსენები ქართული ბონის შემოღებამდე გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ სამიოდე წლით. მეოცე საუკუნის მიწურულს კი საქართველომ კიდევ ერთხელ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და, მასთან ერთად, სახელმწიფო სიმბოლო – ეროვნული ფულიც.

ავტორი: ია ვეკუა

ფოტოები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.