51-ე საჯარო სკოლის გუნდი “რონდო” ნახევარფინალშია

ერეკლე II-ის მიერ გატარებული პოლიტიკა, რამდენად შეესაბამებოდა ქართველთა ეროვნულ ინტერესებს ამის გარკვევას სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის იმიტირებულ სამსჯავროზე ცდილობდნენ მე-2 მეოთხედფინალის ორი ძლიერი გუნდი.

ბრალდების მხარეს წარმოდგენდა გუნდი “იბერიონი”, რომელშიაც გაერთიანებულია ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის უფროსკლასელები: მარიამ გელაშვილი (კაპიტანი), ლუკა გელაშვილი, ალექსი აფაქიძე, ლუკა ფხიკიძე, ნიკოლოზ დავითაძე, ცოტნე გელაშვილი და გიორგი ჩაუჩიძე. დაცვის მხარეს კი – 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებით დაკომპლექტებული გუნდი „რონდო“: მარიამ ალავიძე (კაპიტანი), კესარია ბერძენიშვილი, ირაკლი ვეშაპიძე, ნიკოლზ ძაგნიძე, ლუკა ჩხაპელია, აკაკი ბულია, ნიკოლოზ მაძღარაშვილი.

ორივე გუნდი დარწმუნებული იყო მოპოვებული ისტორიული წყაროების მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური ანალიზის უტყუარობაში და არგუმენტების სიძლიერეში.

რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ნაფიცი მსაჯულნი: ჯემალ გაბელია (სამსჯავროს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი; დავით აქუბარდია (ტელეკომპანიის „კავკასია“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი); ზურაბ გასიტაშვილი (სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); მანანა დარჩაშვილი (ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი); სოფო მიდელაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს სენატის სამდივნოს უფროსი); ნინო ოდიშელიძე (სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროზე” მენეჯერ-კოორდინატორი); მარიამ ჯიქია (ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი).

იმიტირებული სამსჯავროს ნაფიც მსაჯულებს უნდა შეეფასებინათ მენტორებისა და გუნდების ერთობლივი ნამუშევარი ანუ უფროსკლასელების მიერ შეძენილი შემდეგი უნარ-ჩვევები: 1. გავლილი მასტერკლასების (ტრენინგების) ათვისების, კვლევითი მუშაობის, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო კატალოგებში მოძიებული წყაროების (წერილობითი, ფოტო და ფონო დოკუმენტური…), სხვა მასალების, მტკიცებულებებისა და სანდო ინფორმაციის ანალიზისა და გამოყენების უნარი; 2. სახელმწიფო (ეროვნული) ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების, ასევე საკუთარი პოზიციის მყარად არგუმენტირების უნარი;  3. მხარეთა  პაექრობის, სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა, ასევე, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება; ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა; გუნდურობა და სხვ.  

სულ ერთი ქულის უპირატესობით ნახევარფინალში გადავიდა გუნდი “რონდო”.

“მეორე სეზონია ფაკულტეტზე წარმატებით ხორციელდება სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე” საუნივერსიტეტო, უნივერსიტეტშორისო, სასკოლო, ინგლისურენოვან და რუსულენოვან ფორმატში. ფაკულტეტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, მრავალმხრივად განვითარებული სპეციალისტის მომზადებაზე და ამაში, ფაკულტეტზე განხორციელებულ სხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან ერთად, ნამდვილად გამორჩეულია ე.წ. „პროფ. კუპრაშვილის პროექტი“, რომელიც ყოველმხრივ ხელსუწყობს სტუდენტებმა შეიძინონ ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები”, – აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროექტის თანახელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გაბისონია:

როგორც პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნა: პროექტი, მოიცავს მხოლოდ წმინდა წყლის სასწავლო-სამეცნიერო კვლევით პროცესს, სტუდენტები (უფროსკლასელები) იკვლევენ თუ რამდენად შეესაბამებოდა ცნობილი პოლიტიკური პირების (პოლიტიკური პარტიების) გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შედეგების განსჯა კი ხდება იმიტირებულ სამსჯავროზე.

იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოყენებულია, როგორც სტუდენტების (მოსწავლეების) მიერ შეძენილი მრავალმხრივი ცოდნისა და უნარების საინტერესოდ და სრულყოფილად გადმოცემის თვალსაჩინო და ეფექტური საშუალება, რომელსაც აფასებს კვალიფიციური ჟიური (ნაფიცი მსაჯულნი). პროექტის მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია და გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.