8000 წლის ნამარხებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხთა წარმოშობის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნა

დაახლოებით 40 000 წლის წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა მონადირე-შემგროვებელი საზოგადოება, სახელად ჰოაბინჰიანი. თუმცა, 40 000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გამოჩენასთან ერთად, ისინი თანდათან გაქრნენ.

როცა პირველი ნათესები გამოჩნდა, ამ პრეისტორიული ხალხის კვალი თანდათან ისტორიამ შთანთქა. მიზეზი ამ დრომდე აუხსნელია. საინტერესოა, სოფლის მეურნეობა თავად ადგილობრივმა ჰოაბინჰიანის ხალხმა დანერგა თუ მათი უძველესი ტრადიციები ჩინეთიდან მოსულ ფერმერთა ტალღამ დაამხო?

კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ესკე ვილერსლევისა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ამ ორი ძველი ჰიპოთეზიდან სრულ სიმართლეს ვერც ერთი ასახავს.

„ჩვენმა კვლევამ მოიცვა პერიოდი ჰოაბინჰიანიდან რკინის ხანამდე და აღმოაჩინა, რომ თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობა სათავეს იღებს სულ მცირე ოთხი უძველესი მოსახლეობისგან. ეს მოდელი გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, კოპენგაჰენის უნივერსიტეტის უძველესი გენეტიკის მკვლევარი ფერნანდო რასიმო.

კვლევისათვის, მეცნიერებმა აიღეს დაახლოებით 8000 წლის წინანდელი დნმ-ის ნიმუშები ადამიანთა ჩონჩხებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს აღმოჩენილია მალაიზიაში, ტაილანდში, ფილიპინებში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ლაოსსა და იაპონიაში.

საერთო ჯამში, ჯგუფმა შეისწავლა 26 უძველესი ადამიანის გენომის თანმიმდევრობა (ცილებში ამინომჟავის ნარჩენების თანმიმდევრობის დადგენა). მათგან 25 სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იყო და ერთი იაპონიიდან. ამის შემდეგ, მიღებული შედეგები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამჟამინდელი მოსახლეობისას შეადარეს.

როგორც შედეგები მიუთითებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სოფლის მეურნეობის შემოღება და ხალხთა შესვლა-გადინება იმაზე გაცილებით მდიდარი და უწესრიგო იყო, როგორც ამას ამჟამად არსებული შეხედულებები ვარაუდობს.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კომპლექსურობას ვერც ერთი მარტივი ინტერპრეტაცია ვერ ხსნის. ამ რეგიონის ამჟამინდელ მრავალფეროვნებაში წვლილი შეიტანეს როგორც ჰოაბინჰიანის მონადირე-შემგროვებლებმა, ისე აღმოსავლეთ აზიელმა ფერმერებმა. შემდგომმა მიგრაციებმა კი გავლენა მოახდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებსა და ვიეტნამზე“, — წერია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ვილერსლევის კვლევის პარალელურად, გამოქვეყნდა კიდევ ერთი სხვა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევა. დნმ-ის ანალიზების საფუძველზე მათაც დაამტკიცეს, თუ რამდენად მრავალგვარი და დიდი იყო მიგრაციის ის ტალღები, რომლებმაც 50 000 წლის წინ გავლენა მოახდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხის გენეტიკურ შემადგენლობაზე.

ამ კვლევებმა გადაჭრა არა მხოლოდ ზოგიერთი დიდი ხნის სადავო საკითხი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პრეისტორიასთან დაკავშირებით, არამედ ახალი საძირკველი ჩაუყარა ევოლუციურ გენეტიკას მსოფლიოს ამ ნაწილში. ეს რეგიონი გამორჩეულია იმითაც, რომ ნოტიო კლიმატის გამო, საკმაოდ რთულია დნმ-ის შენახვა.

„უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა ტროპიკულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უძველეს დნმ-თა საპოვნელად, რათა ნათელი მოგვეფინა ამ რეგიონის ადამიანთა მდიდარი გენეტიკისათვის. უბრალოდ განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ საბოლოოდ შევძელით 26 ადამიანის გენომის აღმოჩენა და სინათლე მოვფინეთ ამ რეგიონის თანამედროვე მოსახლეობის გენეტიკის წარმოუდგენელ სიმდიდრეს“, — აღნიშნავს კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ესკე ვილერსლევი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია joh.cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.