“booking.com-ზე აფხაზეთი უკვე დაფიქსირდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – რას აცხადებს ჯანელიძე?

არანაირი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების, ან საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის შესუსტების მიმართულებით არ არსებობს – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ. სამადაშვილი დაინტერესდა რა ღონისძიებებს ატარებს საგარეო უწყება იმისთვის, რომ აღიკვეთოს პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფიქსირებას უკავშირდება.

„უკანასკნელ თვეებში ძალიან გააქტიურდა აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფიქსირება მსოფლიოში. სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში იხსნება მათი წარმომადგენლობები, booking.com-ზე რომელიც სასტუმროების დაჯავშნის ყველაზე დიდი პორტალია მსოფლიოში, აფხაზეთი უკვე დაფიქსირდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მინისტრ ჯანელიძის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად აწარმოებს არაღიარების პოლიტიკას, რაც გამოხატულია საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციაში.

„აფხაზეთის რეგიონის და მათი დე-ფაქტო ე.წ. ლიდერების დაფიქსირება სხვადასხვა ფორმატებში პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პრობლემას და აღვნიშნე ეს, როგორც ერთ-ერთი გამოწვევა 2018 წლისთვის. რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ადამიანებს თავისი არხები მაქსიმალურად გაუხსნას კონტაქტების კუთხით და რაღაც ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვაწარმოებთ არაღიარების პოლიტიკას, რაც გამოხატულია საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს არანაირი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების, ან საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის შესუსტების მიმართულებით არ არსებობს. ძალიან მტკიცეა და მყარი ეს პოზიცია. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ კერძო ვიზიტებს და გადაადგილებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით პრევენციულადაც და შემდეგ რეაგირების რეჟიმშიც გვქონდეს შესაბამისი ქმედებები. ისინი ცდილობენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელსაც შეიძლება წინასწარ ჩვენ ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად ფხიზლად ვიყოთ და მაქსიმალურად მოვახდინოთ ეფექტურად რეაგირება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.