Forbes-ის ახალი რეიტინგით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ჩინეთის ლიდერია

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს ამერიკული ჟურნალი Forbes-ი, პირველ ადგილზე სხვა ფიგურანტი გავიდა. ამჯერად ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინია.

5-წლიანი ლიდერობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პუტინმა ყველაზე გავლენიანი ადამიანის პოზიცია ამერიკული Time-ის 2018 წლის რეიტინგშიც დაკარგა.

Forbes-ის გავლენიანთა სიაში მესამე ადგილზე აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპია, მეოთხეზე – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მეხუთეზე კი – Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი.

გამოცემის განმარტებით, სი ძინპინის დაწინაურება ამ რეიტინგში ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას და ასევე, ჩინეთის პალამენტის მიერ მარტში მისთვის უფლებამოსილების გაფართოებას უკავშირდება.

Forbes-ი იმ კრიტერიუმებსაც განმარტავს, რითაც ლიდერების რეიტინგი დგება. ეს არის ადამიანთა დიდი მასების მართვის უნარი, მსხვილი ფინანსური რესურსების კონტროლი, ერთდროულად რამდენიმე სფეროზე გავლენის ქონა და საკუთარი ძალაუფლების აქტიურად გამოყენება.

Forbes-ის ახალ სიაში სულ 75 გვარია. მათგან 17 ამ ჩამონათვალში წელს პირველად მოხვდა.

„ახლებს“ შორის ყველაზე მაღალ პოზიციაზე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ-საუდია. ის მერვე ადგილზეა. ამ რეიტინგში პირველად მოხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მე-12 ადგილი) და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი (33-ე ადგილი).

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.