III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1%-ით შემცირდა – ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი აფერისტობა?

2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ამასთან, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი თითქმის თანაბრად არის შემცირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 1.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით. 2019 წლის მესამე კვარტალში როგორც ქალების, ისე კაცების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.